ასტეროიდი თუ ვულკანები - რამ გამოიწვია დინოზავრთა გადაშენება
ასტეროიდი თუ ვულკანები - რამ გამოიწვია დინოზავრთა გადაშენება

სამოცდაექვსი მილიონი წლის წინ, მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მსოფლიო კატასტროფულად შეცვალა. დედამიწის მცენარეებისა და ცხოველების დაახლოებით 75 პროცენტი დაიხოცა, გადაშენდნენ დინოზავრები. ამით ცარცული ეპოქა დასრულდა და დედამიწაზე ახალი, კაინოზოური ერა დაიწყო — ძუძუმწოვრების ხანა.

თუმცა, დაზუსტებით არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ნამარხები და გეოლოგიური ჩანაწერები აჩვენებს, რომ ეს მშფოთვარე პერიოდი მილიონობით წელიწადს გრძელდებოდა — ეს იყო გიგანტური ასტეროიდის დარტყმა და ინტენსიური ვულკანური აქტივობა, რომელმაც მთელი პლანეტა მოიცვა. თუმცა, მათი ერთმანეთთან კავშირისა და გადაშენების დეტალების შესახებ ბევრი რამ უცნობია.

ახლახან, გეოლოგებმა დეკანის ტრაპების უფრო ზუსტი ასაკი განსაზღვრეს. დეკანის ტრაპები არის ვულკანური ლავის ნაკადებით დაფარული რეგიონი ინდოეთში, რომელიც 500 კილომეტრზეა გადაჭიმული.

კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოქრონოლოგიის ცენტრის მკვლევრის, პოლ რენეს განცხადებით, დეკანის ტრაპების ლავის ნაკადები მათ სხვადასხვა ადგილებში დაათარიღეს. აღმოჩნდა, რომ გადასვლის პერიოდი ყველგან ერთი და იგივეა. იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ასტეროიდის დაცემის შემდეგ, ამოფრქვევა 50 000 ან 30 000 წელიწადს გრძელდებოდა. მისი თქმით, ეს დეტალი კიდევ უფრო ადასტურებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც შეჯახებამ ლავის ნაკადები განაახლა.

ცნობილია, რომ დეკანის ტრაპები აქტიური იყო დაახლოებით მილიონი წლის განმავლობაში. ასევე ცნობილია, რომ დედამიწას ასტეროიდი დაახლოებით ამავე პერიოდში დაეცა, რამაც მექსიკის სიახლოვეს ჩისკულუბის კრატერი წარმოქმნა. თუმცა, დინოზავრების გადაშენებასთან ამ მოვლენათა მიბმა ცოტა რთული საქმეა.

წარსულში გეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ლავის ნაკადთა დაახლოებით 80 პროცენტი ასტეროიდის დაცემამდე მიედინებოდა, რაც კარგად ემთხვევა მასობრივ გადაშენებასაც. ახალ, უფრო ზუსტ დათარიღებაზე დაყრდნობით, ჯგუფი გვთავაზობს, რომ ეს ასე სულაც არ იყო.

როგორც მათი მონაცემები მიუთითებს, ასტეროიდის დაცემამდე 400 000 წლით ადრე, ამოფრქვევები საკმაოდ დაბალი ინტენსივობის იყო. თუმცა, დაცემის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა — ლავის ნაკადების დაახლოებით 75 პროცენტი დაცემის შემდეგ 600 000 წლის განმავლობაში მიედინებოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გადავხედოთ ამ ორივე მოვლენის როლებს.

უკვე კარგად ვიცით, სიცოცხლისთვის რა გამანადგურებელი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ინტენსიურ ვულკანურ აქტივობას. სწორედ მან გამოიწვია დედამიწის ისტორიაში უდიდესი მასობრივი გადაშენება, ასევე არც თუ ისე სასიამოვნო ხანა პერიოდში, როცა პლანეტაზე ადამიანები გამოჩნდნენ, რადგან ვულკანებმა შეცვალეს კლიმატი.

ცარცულ-პალოგენური გადაშენების მოსაზრების მიხედვით, სათბური გაზების გამოყოფა დაკავშირებული იყო ვულკანურ ამოფრქვევათა მოცულობასთან. ვულკანები ამოიფრქვა, გამოათავისუფლა მათში არსებული ნახშირორჟანგის, მეთანისა და გოგირდის დიოქსიდის უმეტესი ნაწილი. შემდეგ ჩამოვარდა ასტეროიდი, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. გადაშენდა თითქმის ყველა ცოცხალი არსება.

თუმცა, ახალი კვლევა ამ მოვლენათა სრულიად სხვაგვარ ქრონოლოგიაზე მიუთითებს.

შეჯახებამდე ლავის მხოლოდ 25 პროცენტის ამოფრქვევის სცენარი შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს. კლიმატის ცვლილება კავშირში არ იყო ვულკანის სათბურის აირებთან; ანდაც სათბურმა აირებმა გამოჟონა მიწისქვეშა ლავის კამერებიდან, რაც ლავის ნაკადებთან კავშირში არაა.

ვიცით, რომ ამის მოხდენა შესაძლებელი იყო. ამაზე დაკვირვება შესაძლებელია დღევანდელ ვულკანებშიც, მაგალითად, ეტნაზე იტალიაში და პოპოკატეპეტლზე მექსიკაში.

რენეს განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, მაგმური სისტემებიდან წამოსული დიდი ოდენობით გაზები წინ უსწრებდა ამოფრქვევებს და აუცილებელი არაა მათი დაკავშირება ამოფრქვევებთან.

საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ასტეროიდს გადაშენებაში არავითარი როლი არ უთამაშია? რა თქმა უნდა, არა. მოვლენა უზარმაზარი იყო. დედამიწას მან მეორე უდიდესი დარტყმითი კრატერი დაამჩნია, რომლის დიამეტრიც 150 კილომეტრია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კრატერი დეკანის ტრაპების პერსპექტივიდან დედამიწის მეორე მხარესაა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ქრონოლოგიას. მან გამოიწვია მიწისძვრები, რამაც დეკანის ტრაპები უფრო გაააქტიურა და მოსპო ეკოსისტემის დიდი ნაწილი.

ამის გამო, რომ ბოლო ბაზალტური ამოფრქვევები მილიონობით წლის წინ მოხდა, დღეს მათი კვლევა საკმაოდ რთულია. საჭიროა ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებათა თავმოყრა.

ამან კი შესაძლოა, გარკვეულ წინააღმდეგობებამდე მიგვიყვანოს. დათარიღების სხვადასხვა მეთოდით ამავე პერიოდში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა ირწმუნება, რომ ამოფრქვევებს უფრო პულსირებადი ხასიათი ჰქონდა და არა განგრძობადი. ეს კი სრულიად სხვა სცენარს გვთავაზობს.

კლიმატის ცვლილებისა და მასობრივი გადაშენების მექანიზმის გარკვევა შესაძლოა, ჩვენი სახეობების გადარჩენის ერთადერთი შანსი იყოს.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.