აღმოჩენილია 120 მლნ წლის წინანდელი ჩიტის ნამარხი უჩვეულოდ გრძელი, მოუხერხებელი კუდით — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია 120 მლნ წლის წინანდელი ჩიტის ნამარხი უჩვეულოდ გრძელი, მოუხერხებელი კუდით — #1tvმეცნიერება

გრძელი კუდი საკმაოდ ბევრ თანამედროვე ფრინველს აქვს, მაგრამ ასეთი მახასიათებელი მათ შორეულ წინაპართა ნამარხებში არც თუ ისე ხშირად გვხვდება.

ახლახან, მეცნიერებმა აღწერეს 120 მილიონი წლის წინანდელი ბუმბულიანი დინოზავრის ნამარხი, რომელიც დაახლოებით ცისფერი ჩხივის ზომის არის და აქვს უკიდურესად გრძელი, ექსტრავაგანტური კუდი.

გამორჩეულად დეტალური ნამარხი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში აღმოაჩინეს და ჩინური მითოლოგიის ფენიქსის მსგავსი ჩიტის მიხედვით, იუანჩუავისი უწოდეს (Yuanchuavis kompsosoura).

აღსანიშნავია, რომ მეზოზეოური ხანის ჩიტის მსგავსი არსების ნამარხი კუდის ასეთი კომპლექსური ბუმბულებით პირველად აღმოაჩინეს; კუდი შედგება რუხი, მარაოსებრი ბუმბულების და ორი გრძელი, შავი ბუმბულისგან.

ორი გრძელი, მუქი ბუმბული სიგრძეში 30 სანტიმეტრია, თავად ფრინველის ტანზე დაახლოებით 1,3-ჯერ გრძელი. მოკლე ბუმბულებთან ერთად, ისინი წარმოქმნის კუდს, რომელიც მეცნიერთა განცხადებით, ძლიერ წააგავს თანამედროვე მზის ჩიტებისა და კეტცალების კუდს. ასეთი კუდით ისინი პარტნიორებს იზიდავენ.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ რაღაც ასეთისთვის თავიანთ კუდებს უძველესი ჩიტებიც იყენებდნენ.

თუმცა, კარგი ვიზუალი შეიძლება მრავალი დაბრკოლების მიზეზიც იყოს. იუანჩუავისებისთვის ასეთი დიდი და ბრჭყვიალა კუდი ფრენაში ხელისშემშლელი უნდა ყოფილიყო, მოუხერხებელი იქნებოდა მტაცებლებისგან დამალვაც.

„დიდი, ლამაზი კუდის ქონას მეცნიერები „კეთილსინდისიერ სიგნალს“ უწოდებენ, რადგან ის განმსაზღვრელია. შესაბამისად, თუ ცხოველს შეუძლია, რომ ასეთ დეფექტს გადაურჩეს, ეს იმის ნიშანია, რომ ის მასზე მორგებულია. მდედრი ფრინველი მამრის ასე დამამძიმებელ კუდს უყურებს და ფიქრობს, რომ თუკი ის ასეთი მოუხერხებელი კუდით გადარჩა, მას ნამდვილად კარგი გენები უნდა ჰქონდეს“, — განმარტავს პალეონტოლიგი ჯინგმაი ოკონორი.

იუანჩუავისი მიეკუთვნება მეზოზოურ ფრინველთა ჯგუფს, რომელსაც ენანციორნიტებს ან „ოპოზიტურ ფრინველებს“ უწოდებენ. ევოლუციურ შტოზე ისინი თანამედროვე ფრინველთა წინაპარსა და გადაშენებულ არამფრინავ დინოზავრებს შორის არიან.

ენანციორნიტები ეურონიტების დობილი ჯგუფია; ეურონიტებს მიეკუთვნება ყველა ამჟამინდელი ფრინველი. დაახლოებით 65 მილიონი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ თანაარსებობისას, დინოზავრების მკვლელი ასტეროიდით გამოწვეულ მასობრივ გადაშენებას მხოლოდ რამდენიმე ასეთი ჯგუფი გადაურჩა.

იმის გარკვევით, თუ რატომ გადარჩა ზოგიერთი მფრინავი სახეობა, ზოგი კი ამოწყდა, უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის როგორ შეძლეს თანამედროვე ფრინველებმა ასე წარმატებით განვითარება.

მეზოზოურ ხანაში, თანამედროვე ფრინველთა წინაპრებს ამ იუანჩუავისის მსგავსი გრძელი და ორნამენტული კუდი არ ჰქონდათ, თუმცა, ნამარხებში გვხვდება მარაოსებრი კუდები.

უფრო მეტიც, მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მარაოსებრი კუდი ექსკლუზიურად მხოლოდ ეურონიტებში უნდა ჩამოყალიბებულიყო. თუმცა, ბოლო დროს აღმოაჩინეს ენანციორნიტების ნამარხები გრძელი კუდებით.

იუანჩუავისი კიდევ უფრო განსაკუთრებულია. მისი კუდი მარაოსებრი ბუმბულებისა და ორი გრძელი ფრთის ნაზავია და მსგავსი მახასიათებელი მისი ჯგუფის სხვა ფრინველებში ამ დრომდე აღმოჩენილი არ არის.

კვლევის ავტორებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, რატომ განუვითარდა იუანჩუავისს ასეთი კომპლექსური კუდი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო ასეთი ბუმბულები აეროდინამიკურად, ისინი ეჭვობენ, რომ ეს ბუმბულები სქესობრივი სელექციის შედეგი უნდა იყოს.

მეცნიერთა აზრით, ენანციორნიტები უღრან ტყეში ბინადრობდნენ და კუდის დასამალად და გასაქცევად ბევრი საშუალება არსებობდა. თუმცა, უფრო ღია, ნახევრად წყლიან გარემოში, სადაც მეზოზოურ ხანაში ეურონიტები ბინადრობდნენ, სქესებს შორის კომპრომისი და გადარჩენა შეიძლება არც ისე შედეგიანი ყოფილიყო.

სავარაუდოდ, სწორედ განსხვავებული ლანდშაფტის გამო ჩამოუყალიბდათ ენანციორნიტებს ასე გრძელი კუდი თავის დობილ ჯგუფზე უფრო ადრე.

„ცნობილია, რომ თანამედროვე ფრინველებში სქესობრივი სელექცია ცენტრალურ როლს თამაშობს სახეობათწარმოქმნასა და შეცნობაში, რასაც მოწმობს უზარმაზარი, ექსტრავაგანტური ბუმბულები, ორნამენტები, ვოკალი და ცეკვები“, — განმარტავენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.