ადვოკატმა გიორგი გიორგანაშვილის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ადვოკატმა გიორგი გიორგანაშვილის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და გიორგანაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გასაჩივრა.

ადვოკატის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარდგენილ არგუმენტებზე ცალმხრივად და არაჯეროვნად იმსჯელა.

გიორგი მახარაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებს.

„არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ჩვენ სააპელაციო საჩივარში ყველაფერი აღვწერეთ და იმედი გვაქვს,სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და გიორგი გიორგანაშვილის გამამტყუნებელ განაჩენს გააუქმებს“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.