ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი გადაიდო
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი ვერ გაიმართა. ამის მიზეზი კი, ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. სხდომის მდივანმა განმარტა, რომ ადვოკატი გიორგი მახარაძე თავს შეუძლოდ გრძნობს.
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ სხდომაზე მისი ინტერესების დამცველები არ გამოცხადდებიან, მას სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.
„ადვოკატი უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ სავალდებულო დაცვას დაექვემდებარებით. შემდეგი სხდომისთვის თხოვნა იქნება, ერთ-ერთი ადვოკატი მაინც მოვიდეს, რადგან უნდა მოგისმინოთ და ვიცოდეთ, რატომ მოხვედით სააპელაციოში. თუ შემდეგ სხდომაზე არ მოვლენ, დავნიშნავთ სახაზინო ადვოკატს“,- განაცხადა მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი გადაიდო და 29 მაისს, 13:30 საათზე ჩაინიშნა.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას დიდი ოდენობის ბუპრენორფინის, იგივე სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსახიობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვენ.