ეკა ბესელია - ირაკლი ქორიძეზე ჩვენმა კომიტეტმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და რაც გადაწყდა, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო
ეკა ბესელია - ირაკლი ქორიძეზე ჩვენმა კომიტეტმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და რაც გადაწყდა, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას სრული ინფორმაცია მიაწოდეს და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ირაკლი ქორიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც წარსულშიც იყო მსჯავრდებული.

„არ ვეხები ბოლო ბრალდებას და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით ვერ ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა თქვას, დაამტკიცებს თუ არა მის დანაშაულს. თუმცა 2013 წელს, როდესაც კომიტეტში იყო ათასობით განცხადება შემოსული, ამ საქმეზეც იყო საკმაოდ ბევრი ინფორმაცია.

მის წერილში ჩანდა ძალიან ბევრი გარემოება, რომელიც ააშკარავებდა საეჭვო გარემოებებს, როგორიც იყო ამ ადამიანის მიმართ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ინტერესის გამოხატვა. ეს უკავშირდებოდა მის ბიზნესსაქმიანობას, მის აქტიურობას დემონსტრაციების თუ გამოსვლების დროს. იყო დაახლოებით 90 გვერდი და დისკიც, სადაც ოჯახმა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყო შერყეული.

ასევე, იყო მასალა, სადაც ჩანდა, სააკაშვილმა ერთ-ერთი გზის გახსნის დროს როგორ გამოიყენა ამ ადამიანის პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანას დაზიანება. ასე რომ, კომიტეტს ჰქონდა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია.

ჩვენმა კომიტეტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სრული ინფორმაცია მიაწოდა და შემდეგ პრეზიდენტმა რა გადაწყვეტილება მიიღო, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო. კომიტეტმა იმ მასალების საფუძველზე შეადგინა ეს წერილი, რა მასალებიც და რა ინფორმაციაც ადვოკატების თუ ოჯახის წევრებისგან მიიღო. ეს ნურავის ნუ გაუკვირდება. ეს კონკრეტული წერილის ეყრდნობოდა კონკრეტულ საეჭვო გარემოებას. პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა სიაში ის არ ყოფილა, მაგრამ ბევრი სხვა საეჭვო გარემოება იყო. კომიტეტი მოიქცა სწორედ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, როდესაც უფლების დარღვევის თაობაზე მიმართავენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს“, – განაცხადა ბესელიამ.

სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფი გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.