მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა.

მოწმე იმ რეანომობილით გადაადგილდებოდა, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

დაცვის მხარის განმარტებით, მოწმემ დაადასტურა, რომ რეანომობილიდან ნარკოტიკი ამოიღეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის ხედავდა საქმის მთავარი მოწმის, ჯაბა ხულორდავას ჩხრეკის პროცესს, მას არ დაუნახავს, რომ მისგან ნარკოტიკული საშუალებები ამოეღოთ.

„ჯაბა ხულორდავა სასჯელს არა მარტო რეანომობილიდან, არამედ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო იხდის. შესაბამისად, ეს გვიმყარებს ეჭვს, რომ არა მარტო გიორგანაშვილის მიმართ მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ჩადება, არამედ ჯაბა ხულორდავას მიმართაც. შემდეგ მას საპროცესო გაუფორმეს და ათანამშრომლეს გიორგანაშვილსა და ქორიძეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმე შეიკერა, რათა გიორგი გიორგანაშვილის მეორე საქმე გადაფარულიყო, სადაც გიორგანაშვილის მტკიცებით, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და რაზეც რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“, – განაცხადა შოთა კახიძემ.

საქმის განხილვა 4 ოქტომბერს 10:00 საათზე განახლდება.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მას დიდი ოდენობის ბუპრენორფინის, იგივე სუბუტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსახიობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მას ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბრალი წარედგინა 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ქორიძე კი, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს.