მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა.

მოწმე ჯაბა ხულორდავა იმ რეანომობილის მძღოლია, რომლითაც, საგამოძიებო უწყების ბრალდების მიხედვით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანეს.

დაცვის მხარის განმარტებით, მოწმის ჩვენებები სინამდვილეს აცდენილია. როგორც ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, მოწმეს ჩვენებები რამდენჯერმე აქვს შეცვლილი.

„მოწმის დღევანდელი ჩვენება აცდენილია მის წინა ჩვენებებს, რადგან რასაც ის საუბრობს, ტყუილია. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ დღეებში მასთან გამომძიებელი იყო მისული, ვითომდა სასამართლოში დაბარების მიზნით. თუმცა არსებით სხდომებზე მოწმის გამოძახება უწყების გაგზავნით ხდება. ცხადია, მოწმე დარიგებული იყო. უნდა ესაუბრა ის, რაც გამოძიებას აწყობდა“,- განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

პროკურორი ირინა ჩოჩია არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმემ სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

„მოწმე ჯაბა ხულორდავა ერთხელ დაკითხულია და მან გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც დღეს დაადასტურა. გაიმეორა ის, რომ ირაკლი ქორიძემ კატასტროფის ცენტრში მუშაობა იმ მიზნით დააწყებინა, რომ შენიღბული გზით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა“,- განაცხადა პროკურორმა.

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

საქმის განხილვა 17 დეკემბერს, 11:30 საათზე განახლდება.