დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე, რომელზეც მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) და ირაკლი ქორიძე არიან ბრალდებულები, რეანომობილის მძღოლი პეტრე ჩიტაშვილი დაიკითხა.
მოწმემ ჩვენებაში გაიხსენა, როგორ წაიყვანა და ჩამოიყვანა თურქეთიდან სამედიცინო რეანიმობილით რამდენიმე პირი, მათ შორის საქმეზე უკვე მსჯავრდებული ჯაბა ხულორდავა.
მან დეტალურად გაიხსენა, როგორ გააჩერეს მათი მანქანა თბილისში შემოსვლისას და როგორ ამოიღეს ავტომობილიდან ნარკოტიკული ნივთიერებები.
„თურქეთიდან თბილისისკენ რამდენიმე ასეული კილომეტრი ისე გავიარეთ, რომ პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის გავაჩერეთ მხოლოდ ავტომობილი. როდესაც თბილისის შემოსასვლელში გაგვაჩერეს, ავტომობილიდან ნარკოტიკული ნივთიერება ჯაბა ხულორდავამ თავად ამოიღო და თქვა, რომ მან ჩადო ეს ნივთიერებები ავტომობილში“, – განაცხადა მოწმემ და აღნიშნა, რომ ამოღებული ნივთიერებები მის თვალწინ დაილუქა.
დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ქრისტინა მაისურაძე დაიკითხა, რომელიც კატასტროფის მედიცინის ცენტრში ოპერატორად მუშაობდა. მისი ინფორმაციით, პაციენტის თურქეთში გამგზავრების დაგეგმვა მოხდა და მას ამის შესახებ ირაკლი ქორიძემ განუცხადა.