ადვოკატი გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვს
ადვოკატი გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი გიორგი მახარაძე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ადვოკატის მოთხოვნაა, გიორგანაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

„მიუხედავად აღებული ნიმუშისა, არ ჩატარებულა ექსპერტიზა და ამის მოტივი გასაგებია – არ დადასტურდებოდა გიორგანაშვილის და აღებული ნივთმტკიცების შემხებლობა. ეს იყო მოტივაცია, რატომაც არ დაინიშნა კვლევა. საქმეზე ჯაბა ხულორდავას ჩვენების გარდა, არაფერი არსებობს, რასაც შეიძლება, პროკურატურა დაეყრდნოს. ეს ჩვენებაც სიცრუეა. მასთან აღმოჩენილი ნარკოტიკების გამო ვსჯით გიორგი გიორგანაშვილს, ხულორდავას ოთხჯერ შეცვლილი ჩვენების გამო“, – განაცხადა ადვოკატმა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ ბრალად.

ამასთან, გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.