თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე მოწმეებს ხელახლა არ დაკითხავენ
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე მოწმეებს ხელახლა არ დაკითხავენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე შესავალ სიტყვას 15 მაისს წარმოთქვამენ.

დაცვის მხარემ სხდომის გონივრული ვადით გადადება ითხოვა, რაც კოლეგიამ დააკმაყოფილა.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე მოწმეებს ხელახლა არ დაკითხავენ.

დაცვის მხარის ეს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ მოწმეთა ჩვენებების კანონდარღვევით იყო მოპოვებული. მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ვერ განმარტა, თუ რა იგულისხმება კანონდარღვევაში.

„მოწმეების ხელახლა დაკითხვაზე შუამდგომლობა არის უსაფუძვლო. დაცვის მხარე აპელირებს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა კანონის დარღვევით, თუმცა რაში გამოიხატება კანონის დარღვევა მხარე ვერ უთითებს“, – განაცხადა მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ.

გარდა ამისა, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ საქმისთვის მტკიცებულებად ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის მასალები დაერთოთ, რომლის ფარგლებშიც გიორგი გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ედება ბრალად. მოსამართლეთა კოლეგიამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მას დიდი ოდენობის ბუპრენორფინის, იგივე სუბუტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსახიობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მას ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბრალი წარედგინა 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.