20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა - ხმაურმა შედეგი არ გამოიღო, რაც მეტს ვხმაურობთ, მეტად ვზარალდებით
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედა - ხმაურმა შედეგი არ გამოიღო, რაც მეტს ვხმაურობთ, მეტად ვზარალდებით

ხმაურმა არაფერი შედეგი არ გამოიღო, რაც მეტს ვხმაურობთ, მეტად ვზარალდებით, – ამის შესახებ 20-21 ივნისის აქციიის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედის თქმით, ის არ აპირებს გაჩერებას და სამართლიანობისთვის იბრძოლებს, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოსთან დაკავებულთა მხარდასაჭერი აქციის ფორმა მისთვის მიუღებელია.

„მე ყველაფერს ვუყურებ შორიდან ახლა და ვარ შეურაცხყოფილი. ჩემს გასაპროტესტებელს აპროტესტებენ სხვები, დგანან და ჩემი შვილის თავისუფლებას სხვები ითხოვენ. ამ ხმაურმა არაფერი შედეგი არ გამოიღო, რაც მეტს ვხმაურობთ მეტად ვზარალდებით, დააკვირდით.

არავის ვართმევ უფლებას, გაჩერებას ჭაობი მოსდევს, მე არ ვაპირებ გაჩერებას. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხჰყოფა მივაყენო და ვუთხრა, შენი გამოხატვის ფორმა არასწორია, არც ერთ შემთხვევაში არ მინდა რომ ეს არასწორად იყოს გაგებული. მე ვარ დედა, რომელიც სამართალს ვითხოვ. მე ვამბობ, რომ გავრილოვის ღამეს არ იყო შტურმი და ვაცხადებ ამას ხმამაღლა. ჩემი შვილი არ იყი შტურმის მონაწილე და არც ერთი მონაწილე ბიჭი, არც ერთი იქ მდგომი ადამიანი არ იყო შტურმის მონაწილე“, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მოითხოვენ 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა გათავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა „გავრილოვის პატიმრები“ და პოლიტიკური გაერთიანება „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები.