პროკურორის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს
პროკურორის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს

პროკურორის ინფორმაციით, გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულ პირებს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურთ.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, 20-21 ივნისის საქმეზე დღეს სამი პოლიციელი, მათ შორის ერთ-ერთი დაზარალებული დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ დღეს დაკითხული სამართალდამცავები 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ბრალდებულების სიახლოვეს იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათი ჩვენებები იმ გარემოებებს გადმოსცემს, რაშიც დაკავებულებს ბრალი ედებათ.

„აღნიშნული ჩანაწერების დათვალიერების შემდგომ როგორც დაზარალებულები, ისე მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სხდომაზე, ასახულნი არიან ჩანაწერში. შესაბამისად, მათი ჩვენებები არის მნიშვნელოვანი. იქ იყო ქაოსური მდგომარეობა, ჩვენთვის ცნობილია ეს არსებული კადრებიდან რაც ვიხილეთ ტელევიზიისა და სხვადასხვა საშუალებით. იმ ვითარებაში შეუძლებელი იყო ვინმე კონკრეტული პირის დამახსოვრება, შესაბამისად, ის პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობრივ მოქმედებაში წარმოდგენილი არიან ბრალდებულების სახით“, – განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

დაკავებულების ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას არ ადასტურებს.

„მათ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეტიც, ბევრ ისეთ გარემოებაზე მიუთითეს, რომელიც აცილდება წინასწარი გამოძიების მსვლელობისას მიცემულ ინფორმაციას, ასევე გამოკითხვის ტექნიკურ დეტალებს“, – განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ვახტანგ იაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.