20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული სპეცრაზმელი წარდგენილ ბრალს აღიარებს
20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული სპეცრაზმელი წარდგენილ ბრალს აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ის ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარა.

„ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა დაზარალებულისადმი მიყენებულ ჯანმრთელობის დაზიანებაზე და ხარისხზე. კერძოდ, დაზარალებულს აღენიშნებოდა ექსკორაციები ტუჩის ქვედა ნაწილში და ცხვირზე ჰქონდა დაზიანება და მოტეხილი ჰქონდა ნეკნი. დაზიანებები მიყენებული იყო ბლაგვი საგნის შედეგად“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც უფლებადამცველი ანა კოტეტიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.

„დაზარალებულს კონკრეტულად თავის არეში არა, მაგრამ სახის მიდამოში ჰქონდა დაზიანებები და სხეულის სხვა ნაწილებში დაზიანებები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალში სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლო ჩვენი აღიარების საფუძველზე მიიღებს ობიექტურად სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

დაკავებულს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდქსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ლევან იმერლიშვილი სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 27 სექტემბერს გაათავისუფლა.