20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ამბობს, რომ ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ამბობს, რომ ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ

20-21 ივნისის მოვლენების დროს, აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

როგორც ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მასთან მისული პირები დაემუქრნენ, თუ ჩვენებას არ მისცემდა.

„6 ივლისს, ღამით, პირველის ნახევარზე კარი გაიღო, კარანტინში 4 ვიყავით. დასალაგებლად შემოვიდნენ. საკანი დალაგდა, საკანში მარტო მე შევედი, დანარჩენი გადაანაწილეს. ვიფიქრე, რადგან პოლიტიკური მუხლი იყო, იგივე მუხლით დაკავებულებს შემოიყვანდნენ. 3-4 წუთში ორი პიროვნება შემოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმლით, არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო, მითხრეს. ირონიულად გავიცინე, ეს აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან“, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

როგორც ბუდაღაშვილმა აღნიშნა, მასთან მისული პირები ყალბი სახელებითა და გვარებით გაეცნენ.

„18 ივლისს, იგივე განმეორდა. ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი.

ექვსი წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები! ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის! შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას, პაემნებს უკრძალავენ.

იცოდეთ, მე ვზივარ ჩემ გამო და ჩემნაირების გამო. ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემთვის პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს“, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.