პროკურორი - დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება
პროკურორი - დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არაფერი განუცხადებია. როგორც ადვოკატი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულის მიერ დღეს სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში დადგინდება დანაშაულის ნიშნები, გამოძიება დაიწყება.

კერძოდ, პროკურორი ვაჟა თოდუა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბუდაღაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბრალდებულის თქმით, მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ

„დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები, მათ ისაუბრეს ბრალდებულების დაკავებაზე და სხვა გარემოებებზე, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მხოლოდ დღეს განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვეა“, – აღნიშნა პროკურორმა.

ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდების მხარე და სასამართლო შესაბამის ზომებს მიმართავენ ბუდაღაშვილის მიერ მიწოდებული განცხადებაზე შემდგომი რეაგირებისთვის.

„ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მასთან შესული იყო მისთვის უცნობი ორი ადამიანი სამოქალაქო ფორმით, არ მომხდარა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, დაიწყება გამოძიება“ – განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის საქმის არც ერთ ბრალდებულს, რომლებიც რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ზეწოლის შესახებ არ უსაუბრიათ, რაც თავად ზურაბ ბუდაღაშვილმაც დაადასტურა.

„ბრალდებული რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და ზეწოლის შესახებ არ განუცხადებია, ასევე, ცნობილია, რომ არა ერთი ბრალდებულია მოცემულ საქმეზე, თუმცა ამაზე არავის უსაუბრია. დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ის დეტალურად ისაუბრებს შემდგომში ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, თუ მივიღებთ დეტალურად ინფორმაციას, რომ არსებობს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ ხუთი თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა ამ საკითხებზე ესაუბრა. ბუნებრივია, მივიღებთ ყველა ზომას, რათა აღნიშნულ საკითხი გაირკვეს“, – განაცხადა პროკურორმა.