ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა
ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა.

საკუთარი ადვოკატების აცილების შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წერილობით წარადგინა და პირადად პროცესს არ ესწრებოდა. მოსამართლემ ოქრუაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთვება.

მოსამართლის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში წერია, რომ ის ახალი ადვოკატის ასაყვანად პროცესში მონაწილეობას და ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ პროკურატურისგან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული მაქვს. შესაბამისად, ახალი ადვოკატის ასაყვანად კომუნიკაცია უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, ახლო მომავალში თეორიულად შევძლო ჩემთან შემოსული სასულიერო პირის მეშვეობით. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი, ასეთი იარსებებს”, – ნათქვამია ოქრუაშვილის განცხადებაში“, – ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში.

პროკურორის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება მათთვის უცნობი იყო.

„ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა ეს ინფორმაცია. სასამართლომაც განმარტა, რომ დღეს შემოვიდა ეს განცხადება სასამართლოში. შესაბამისად, რატომ დააყენა ეს შუამდგომლობა ამას ვერ განვმარტავ, ბრალდებულის უფლებაა ჰყავდეს ადვოკატი შეთანხმებით და აირჩიოს ნებისმიერ დროს ადვოკატი. ჩვენ დღეს წარმოდგენილი გვყავდა მოწმეები, რომლებიც უნდა დაკითხულიყვნენ პროცესზე. დღეს პროცესის გადადების პირველი შემთხვევა იყო, თუმცა სასამართლომაც განმარტა, რომ შესაძლო ადგილი ჰქონდეს მისი მხრიდან პროცესის გაჭიანურების მცდელობას. სასამართლომ დაუნიშნა ადვოკატი სახაზინო წესით, რაც გულისხმობს, რომ შემდეგ პროცესზე ბრალდებულს ადვოკატი ეყოლება სახელმწიფოს ხარჯზე.

ჯამში დასაკითხია 400 მოწმეზე მეტი, მაგრამ მოწმეების რაოდენობა არ არის დადგენილი. ჩვენ, შესაძლოა, დავკითხოთ ნაწილი მოწმეების, რომლითაც მივიჩნევთ, რომ დადასტურდება მისთვის წაყენებული ბრალი“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ მისი აცილება, სავარაუდოდ, დაცვის სტრატეგიაა და არ უკავშირდება კონფლიქტს.

„იმ პირობებში, რა პირობებშიც ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება, ვგულისხმობ იმას, რომ შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და პაემანი, სასამართლოს მხრიდან დროის არ მიცემა და ხუთი ნოემბრისთვის უკვე სახაზინო ადვოკატის ჩართვა შემდეგი პროცესისთვის, ეს არასწორია. ამით მისი უფლებები იზღუდება. ეს არ არის ის დრო, ამ პირობებში ადვოკატი მონახოს. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო არასწორად მოიქცა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩქარობს პროცესების ჩანიშვნას“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.

დატოვე კომენტარი