***

უმბერტო ეკოდან

შეიძლება ისწავლო ხვნა-თესვა შეიძლება
ისწავლო წერა-კითხვა შეიძლება ისწავლო
კომპიუტერის გამოყენება შეიძლება
ისწავლო ჰალსტუხის გაკვანძვა შეიძლება
ისწავლო პოლიტიკა შეიძლება ისწავლო
ბიზნესი შეიძლება ისწავლო 400-მეტრიანი
ცათამბრჯენის შენება შეიძლება ისწავლო
თვითმფრინავის მართვა შეიძლება ისწავლო
გატაცებული თვითმფრინავის მიზანთან
შეჯახება შეიძლება ისწავლო ბავშვის
მოვლა შეიძლება ისწავლო ოჯახზე
ზრუნვა შეიძლება ისწავლო ღვთის სჯული
შეიძლება ისწავლო… მტრის სიყვარული?..

 

 

ბათუმის პორტის ღია კაფეში
ანუ სტერეოტიპული ასოციაციები

“Купите цветы, пожалуйста, купите цветы”–
ისევ მთავაზობს რუსულ ყაიდაზე “კასინკამოკრული”, ხერხემალგამრუდებული “ბაბუშკა” – ზაფხულის
სეზონის შეუსაბამო, ოდესღაც ლურჯი, გაცვეთილი, პიჯაკისმაგვარი რაღაც რომ აცვია. ის ყოველ
საღამოს აქ არის, უბრალო ყვავილებით ხელში.

ნეტავ, სად შოულობს ყვავილებს? ალბათ დილით
ყიდულობს, საღამოს კი ცოტათი ძვირად ყიდის –
შიმშილით რომ არ ამოხდეს სული. ესეც რომ
არ იყოს: მთელი დღეები შინ, მარტოხელას,
სამსახურის გარეშე რა გააძლებინებს?! ბაბუშკა
ხომ შრომასაა მიჩვეული – გაუხეშებულ
ხელებზეც ეტყობა…

-არ მინდა ყვავილები, ბაბუშკა, ხომ ხედავ მარტო
ვვახშმობ, ვის მივართვა? აი, ლარი, გამომართვი,
ისე გამომართვი…

და მლოცავს რუსულკილოიანი ქართულით ბაბუშკა,
გულით მლოცავს და მეც გულზე მხვდება მისი
სიტყვები… უცნაური სიწყნარე წამით ისადგურებს
სულში… შემდეგ წამს კი მახსენდება: “ახლა კი
დროა, სოლომონ, რომა…”

ჰმ, მშვიდობა, ზღვის სანაპირო, ყვავილები…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15