რომანას დახლი

იყო კარგი, უბრალო, ქალაქელი,
ხანშიშესული კაცი – რომანა:
ყიდდა პატიოსნად ხილ-ბოსტნეულს
პატარა დახლთან ყიფშიძის ქუჩაზე.
თუ მეპატრონე არ ეგულებოდა
ახლომახლო, ფასსაც დაგიკლებდა
ცოტათი, ნისიადაც მოქცემდა რამეს,
თან შენი ოჯახის წევრებს მოიკითხავდა…

უჭირდა თვითონ – ტანსაცმელზეც
ეტყობოდა, ჯანმრთელადაც ვეღარ იყო –
ცალ ხელს ვეღარ ხმარობდა ხეირიანად,
მაგრამ მუდამ კეთილი ღიმილი უნათებდა
სახეს…

ერთ არამშვენიერ დღეს – აღარ გამოჩნდა,
არც ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა.
მოვიკითხე: გარდაცვლილიყო კარგი,
უბრალო, ქალაქელი კაცი რომანა.

ის დახლი დღესაც ადგილზეა, მაგრამ…
აი, ამ წუთას, ამ სტრიქონების წერისას
ვაცნობირებ, რომ მას შემდეგ რაღაც
ძალა მაკავებს – სხვაგან ვყიდულობ
ხილ-ბოსტნეულს…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15