სამეზობლო

ჩვენ სართულზე სამი ბინაა.
ორ ბინაში აღარავინ დარჩა. ერთ მათგანს
შთამომავლები აქირავებენ შიგადაშიგ –
უცხოელებზე: ამას წინათ ინდოელები
იდგნენ აქ კარგა ხანს… მეორე კი
ახლახან დაცარიელდა – მემკვიდრეები
გაყიდიან ალბათ, ან ამასაც გააქირავებენ.

არადა, რამდენი გამოვიარეთ ერთად –
1977-დან…

იმ ქვეყნად თუ არი სამეზობლო?..

 

 

ცარიელი რესტორანი

ვზივარ საღამოთი უცხო ქვეყნის
სასტუმროს ცარიელ რესტორანში:
ჩემ გარდა მხოლოდ ერთი წყვილი
ვახშმობს რესტორნის მეორე ბოლოში.
საიდანღაც მოისმის გემოვნებიანი
ტექნოსმაგვარი მუსიკა, თუმცა ჩემი
სმენისთვის ის მაინც მონოტონურია
და კიდევ უფრო ასევდიანებს
ცარიელ რესტორანს.

არ ვიცი, რისი სიმბოლოა ცარიელი
რესტორანი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ
რესტორანი სავსე სჯობია, სტუმრებით
სავსე – სახლივით…

კაცია და გუნებაო – მეტყვიან…
მე კი ვუპასუხებ: ყოველთვის ეგრე არ არი
და საერთოდ ყოველთვის არაფერია…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15