***

ისევ თბილისი
ისევ ივლისი
სიცხე
აუტანელი სიცხე
და ასაკი
უსიამოვნო ასაკი
და გულის ფრიალი
გულის ფრიალი დამჩემდა ბოლო დროს
აფრიალდება გული და ფრიიი
8-9 საათი
შეიძლება მეტიც

სიცხეც ხელს უწყობს ფრიალს
აუტანელი სიცხე

ამიტომ ახალ რამეებს
სიფრთხილით ვიწყებ –
ვინიცობაა ვერ მოვასწრო

თუმცა
რა შეიძლება იყოს ახალი –
ზუსტად ასეთივე სტრიქონები
ახლა რომ ვწერ
უთუოდ ექნება დაწერილი
ვინმეს
სადმე
ოდესმე

ყველაფერი განმეორებაა ამ ქვეყნად

კაცის სიცოცხლის გარდა

სუდარა და ფარდა.

 

 

მე-3 ავტოპორტრეტი

არც მე გახლავართ მთლად ნორმალური:
მაინტერესებს ამორალური ტექსტები,
ფოტოები, ვიდეოები – ნებით თუ უნებლიეთ
რომ მოგვითხრობენ განწირულ მცდელობაზე
წამიერი განცხრომის განვრცობისა…

ეკლესიაში მიყვარს კედელთან სკამზე
ჩამოჯდომა და აღსავლის კარის
ციალის ცქერა, დიდხანს, ძალიან დიდხანს…

მიყვარს თამბაქოს ბოლით დაბინდული
დუქნების მყუდროება, უბნის ლოთებთან
მუსაიფი, წუწუნი და სხვისი წუწუნის მოსმენა,
უცნაურ შვებას რომ ჰგვრის ხოლმე სულს…

მიყვარს ქალაქებში უმიზნო ხეტიალი –
ზესტაფონიც მიყვარს, ზალცბურგიც
და ზაქათალაც…

მთაში მიყვარს მწვანე მდელოზე წამოწოლა,
თვალების დახუჭვა დახოჭოების, კალიებისა
და ჭიანჭველების ქვეყანაში მოგზაურობა…

ტყეში მიყვარს ხავსმოდებულ კუნძზე
ჩამოჯდომა, წიფლების ქვეშ, მშვიდი შრიალით
მუდამ ერთსა და იმავე იგავს რომ ჰყვებიან
მარადიული თესლის საიდუმლოზე.

უდაბნოც მიყვარს, ელეგანტურად
გასრიალებული “უხსენებლებით”,
უსასრულობის ასე უცხო და ასე ნაცნობ
ნიშანს რომ ტოვებენ ქერა ქვიშაზე
დროებით კვალად.

ერთი უბედურებაც მჭირს: შიგადაშიგ
მავიწყდება ადამიანური მეტყველება და
უნებლიეთ ვიწყებ რიტმულ ბოდვას…

მახლას! – აწი რაღა შემცვლის?!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15