ახლოვდება 1983 წლის 24 ივლისი, გეორგიევსკის

ტრაქტატის 200 წლისთავი. საქართველოს საბჭოთა

სოციალისტური რესპუბლიკა ამ თარიღის

საზეიმო აღნიშნისთვის ემზადება.

 

 

 

უშიშროების კომიტეტში

 

თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სამთავრობო დაწესებულება ქალაქის შუაგულში იყო განთავსებული. მთავარი პროსპექტი და მიმდებარე ჰორიზონტალური გზები ომის მომდევნო წლებშივე მოაასფალტეს. ფერდებზე შეფენილი, დაქანებული ქუჩები კი ძველებურად ქვაფენილით იყო გაწყობილი და ჭადრებით გამწვანებული.

რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში ალბერტ ზალცმანისა და ოტო სიმენსონის რუსული გვიანდელი ნეოკლასიციზმის ესთეტიკასთან მიუსადაგებელი სტალინისტური არქიტექტურით ჩაშენებულ უშიშროების კომიტეტის, იგივე კანტორის ადგილსამყოფელს განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა იქ მოსიარულე მოქალაქეების ცნობიერებაში.

შიში თითქოს განელდა ადამიანების ტვინებში, მაგრამ ნერვული სისტემა ჯერ კიდევ გამოსცემდა შეტყობინებებს სიფრთხილის შესახებ, როცა ისინი ამ შენობას ჩაუვლიდნენ ხოლმე. ახალგაზრდა თაობა ვეღარც დააზუსტებდა, თუ რით იყო განპირობებული ამ სიფრთხილის აუცილებლობა და რით განსხვავდებოდა უშიშროების კომიტეტის შესასვლელი სხვა სამთავრობო დაწესებულებათა შესასვლელებისგან.

ერთი მხრივ, მთავარ შესასვლელ კართან ლურჯკანტიანი ფორმის ქუდებით კედელსგაკრული  ჯარისკაცები ახლა მხოლოდ დეკორაციებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ფელიქს ძერჟინსკის აურას ჯერ კიდევ გრძნობდნენ ხანდაზმული მოქალაქეები შენობის მისადგომებთან და მის კედლებზე გამოკვეთილ კომიტეტის ბრონზისფერ სიმბოლოებზე ხედავდნენ, თუ როგორ  ბზინავდა სახელმწიფოს სიფხიზლე.

ყველა სამთავრობო დაწესებულების მსგავსად, კომიტეტის შენობა შიდა სამციფრიანი სატელეფონო ქსელით იყო აღჭურვილი. შესასვლელში რამდენიმე სატელეფონო ჯიხურიც იყო მოწყობილი კანტორის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად, მაგრამ შესასვლელთან მოქალაქეების სიმრავლე არასოდეს შეიმჩნეოდა, როგორც ეს სხვა სამთავრობო შენობების საშვთა ბიუროებთან იყო თვალში მოსახვედრი. გაიგონებდით ასეთ ხუმრობასაც, რომ კანტორის შესასვლელი თავისუფალი იყო, რადგან გამოსასვლელი არ ჰქონდა საერთოდ. თუმცა,  მხოლოდ ეს ხუმრობა ვერ ხსნიდა ამოცანას, როდის, სად და რა გზით ახერხებდნენ კანტორის წარმომადგენლებთან მასლაათს მათივე აგენტები, რომელთა რიცხვიც, უკლებლივ ყველას აზრით, საკმაოდ სოლიდური იყო. ეს ამოცანაც კანტორის იდუმალი და ამოუხსნელი შესაძლებლობების ვრცელ ჩამონათვალს განეკუთვნებოდა.

შუადღის შემდეგ კანტორის მთავარ შესასვლელს შავი “გაზ 24” მიადგა. კანტორის სიახლოვეს მანქანა, საერთოდ, იშვიათად ჩერდებოდა ხოლმე. უსაფრთხოების ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ კანტორის მისადგომთან ასე ახლოს ხელმძღვანელების ნებართვის გარეშე მანქანის გაჩერების უფლებას თავს ვერავინ მისცემდა. ამიტომ აქ ავტომანქანიან სტუმრებს მოკრძალებით ეპყრობოდნენ. შესაბამისად, “გაზ 24-დან” გადმოსულ სამოქალაქო ტანსაცმლიან შუახნის მამაკაცს ჯარისკაცები პატივისმიგებით შეხვდნენ. მამაკაცმა ჯიბეებში ფათურის შემდეგ მათ პირადი დოკუმენტი უჩვენა. ისინიც განზე გადგნენ, შესასვლელის გზა დაუთმეს და მამაკაცი კიბეებს აუყვა.

მისი პირადი დოკუმენტი განსაკუთრებულად არაფრის მთქმელი იყო უსაფრთხოების წარმომადგენლებისთვის,  მასში მათ მხოლოდ კანტორის სტუმრის ვინაობა – გარსევან აბამელიქი ამოიკითხეს, რადგან სწორედ ამ სახელისა და გვარის მქონე პირის დაუყოვნებლად გატარების განკარგულება ჰქონდათ  მიღებული.

გარსევან აბამელიქი კიბეებს მიუყვებოდა. სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი გამომძიებელთან შეხვედრამდე. ახლა ყოველი ნაბიჯი კიდევ უფრო აახლოვებდა იმ რთულად წარმოსათქმელ ფრაზებთან, რომლებსაც შექმნილი მდგომარეობა ავალდებულებდა და ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ უნდა აეგო ეს წინადადებები, რომელი სიტყვებით უნდა გამოეთქვა.

თავზარდამცემი იყო ყველაფერი, რაც ხდებოდა. თავზარდამცემი იყო მისი ოჯახისთვის, გარემოცვისთვის და მისი მდგომარეობისთვის.

– ყველაფერი შეიძლება შეცვალოს ამ ამბავმა, ცხოვრება შეიძლება თავდაყირა დააყენოს! – ფიქრობდა იგი, – ეს შეიძლება ყველაფრის დასასრულია.

 

რა უნდა სდომებოდა გამომძიებელს?! ალბათ ყველაფერი, ყველაფერს დააკვირდებოდა, ყველა პასუხს ეჭვით შეხედავდა. და არა მხოლოდ პასუხებს, კითხვების შემდეგაც ეცდებოდა ამოეცნო, რა აზრები უტრიალებდა თავში პასუხის გაცემამდე. ყოველ მის გამომეტყველებას შეაფასებდა, მისალმებასაც კი…

– მობრძანდით პატივცემულო გარსევან, – წარმოთქვა გამომძიებელმა ზევახ გაგიშვილმა და კაბინეტში შესულ შუახნის მამაკაცთან შესაგებებლად სამუშაო მაგიდიდან წამოდგა.

– გამარჯობა, ამხანაგო ზევახ! – უპასუხა გარსევან აბამელიქმა, – წარმოუდგენლად მიჭირს სიტყვების პოვნა ჩემი მდგომარეობის გამოსახატად. ის, რაც მოხდა, სრულიად მოულოდნელი და აუხსნელია ჩემთვის. ჩემი ქალიშვილი, ის ძალიან ახალგაზრდაა. ჩვენ, ჩვენი ოჯახი ყველაფერს ვაკეთებდით მისი აღზრდისთვის, იმისთვის, რომ კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი ადამიანი გაზრდილიყო.

– დაბრძანდით პატივცემულო გარსევან, – მშვიდად და მგრძნობიარედ მიმართა მას ზევახ გაგიშვილმა და სკამი შესთავაზა. – ახლა აღელვებული ბრძანდებით! რა თქმა უნდა, ყველა მშობელი აღელდებოდა ასეთ ვითარებაში. მშობლები შვილების მომავალს ხშირად საკუთარი მოლოდინებით უყურებენ. სამწუხაროდ,  მოლოდინები ყოველთვის არ მართლდება. სიგარეტს ხომ არ ინებებდით პატივცემულო გარსევან?

– გმადლობთ, სიამოვნებით, თუ ნებას მომცემთ, – უპასუხა გარსევან აბამელიქმა.

– რა თქმა უნდა, ახლავე, – ჩაილაპარაკა გამომძიებელმა,  ჯიბეები მოისინჯა და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. ასანთიც თავად გაკრა და მოუკიდა.

გარსევან აბამელიქმა სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და მიხვდა, ძალა უნდა მოეკრიბა, ძალა სულ რამდენიმე წამში უნდა მოეკრიბა, რადგან თავაზიანი და სტუმართმოყვარე გამომძიებლის ტვინის აპარატი სიღრმისეული და რთულად ამოსაცნობი კითხვების კომბინაციებით უნდა ყოფილიყო მომართული.

– პატივცემულო გარსევან, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, საქმე საგანგებოდ მძიმეა. თქვენი ქალიშვილი ანტისაბჭოთა საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენთან შეხვედრა ასეთ მძიმე საკითხზე მომიწია. . .

ალბათ დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ დიდ პატივს გცემთ, როგორც მეცნიერებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს და მზად ვართ ყოველგვარი ხელშეწყობისთვის. თავად მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება მზადაა დააფასოს ყველა დამსახურება და განსაკუთრებულ შემთხვევებში, დანაშაულებზეც დახუჭოს თვალი,  მაგრამ გაუგონარი სირთულის საქმეში აღმოჩნდა გარეული თქვენი ქალიშვილი, პატივცემულო გარსევან! თქვენ მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ანტისაბჭოთა აგიტპროპი! საკავშირო მნიშვნელობის თავზეხელაღებულობაა!

გესმით, პატივცემულო გარსევან, ერთი მხრივ თქვენ, თქვენი დამსახურებით, რეპუტაციით და მეორე მხრივ, თქვენი ქალიშვილი ანტისაბჭოთა აგიტაციითა და პროპაგანდით!

გარსევან აბამელიქმა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად სიგარეტის კვამლი, მაგრამ ამჯერად გამომძიებლის უნარების და ჩანაფიქრების ამოცნობას აღარ ცდილობდა. ეს უფრო წინათგრძნობის განცდა იყო, რომ ახლა იმ კანტორაში აღმოჩნდა, რომელსაც გამოსასვლელი არ ჰქონდა.

– ნახეთ, ნახეთ როგორი შინაარსის მქონე ტექსტს ავრცელებდა თქვენი ქალიშვილი! “საბჭოთა კავშირი არის ხალხთა საპყრობილე… რუსეთის საბჭოთა იმპერიამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და  სისხლისმსმელი ლენინის და ტერორისტი სტალინის კაცთმოძულე იდეების პოლიგონად აქცია”, – კითხულობდა  გამომძიებელი, -„მოქალაქეებო, არ იზეიმოთ გეორგიევსკის ტრაქტატი, ნუ მიიღებთ საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას! ეს არ არის საზეიმო თარიღი, ეს ჩვენი ქვეყნის მოტყუებით დამორჩილების და დაპყრობის თარიღია!“  – ნუთუ საბჭოთა მეცნიერის ოჯახში აღზრდილი გოგონას ნააზრევია ეს სიტყვები?! – აგრძელებდა იგი აღშფოთების გამოხატვას. მე, უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, ჩვენს დროში ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთ კადნიერებას ლენინის, ჩვენი ისტორიის და მათი შემქმნელების მისამართით. წარმოგიდგენიათ, რას იტყვიან ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ კომიტეტის წევრები ცენტრში, რას იტყვიან პოლიტბიუროში, სადაც ახლა გეორგიევსკის ტრაქტატის საზეიმოდ აღსანიშნავად ემზადებიან?! ვის რად უნდა ჩვენი მეცნიერება ყოველივე ამის შემდეგ, პატივცემულო გარსევან?

– ნუთუ ეს ნამდვილად ჩემი ქალიშვილის დაწერილი სიტყვებია, – ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა გარსევან აბამელიქმა. თან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ვინ იქნებოდა გადასარჩენი, თვითონ, მისი ქალიშვილი თუ ორივე, მთელ ოჯახთან ერთად… – ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეეძლო მას ამ სიტყვების დაწერა.

– დიახ, პატივცემულო გარსევან, ზუსტად ამითაა გამოძიება დაინტერესებული! და ამიტომ, თქვენი და ჩვენი გადარჩენის ერთადერთი  იმედიც ისაა, რომ ამ ტექსტს თქვენი ქალიშვილი თავად ვერ შექმნიდა!  რომ ეს ტექსტი გაიძვერა ანტისაბჭოთა ელემენტებმა შეთხზეს და თქვენი ქალიშვილი გამოიყენეს მის გასავრცელებლად, მაგრამ თუ ჩვენ ერთობლივად ამის დამტკიცებას ვერ მოვახერხებთ, მაშინ კომიტეტში გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ თქვენი ქალიშვილის ანტისაბჭოთა აგიტპროპი თქვენი ოჯახის დამსახურებაა, დიახ, თქვენსავე ოჯახში მიღებული „განათლების“ ნაყოფია! მაპატიეთ, ნამდვილად მაპატიეთ აღელვება, პატივცემულო გარსევან – თქვა ბოლოს ზევახ გაგიშვილმა, – სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ თქვენთან შეხვედრის პატივი მექნებოდა ოდესმე და ვწუხვარ, რომ ეს შეხვედრა ის ბედნიერი შემთხვევა არ აღმოჩნდა, რაზეც სიამოვნებით ვიოცნებებდი. თუმცა, ჩემი პროფესიული მოვალეობების მიუხედავად,  მინდა, გჯეროდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენი ღირსების დასაცავად და თქვენი ქალიშვილის გადასარჩენად. ამისთვის თქვენი დახმარება მჭირდება! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ უწმინდური პიროვნებების დასადგენად, რომელთა თავებშიც ეს აგიტპროპი მოიხარშა და ხელი თქვენს ქალიშვილს შეაწმინდეს. ეს თქვენი ქალიშვილის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ  მისი გადარჩენისთვის.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15