გარსევანი სამეცნიერო ინსტიტუტში
– ბატონო გარსევან, მთელი ინტელიგენცია და მთელი ჩვენი კოლექტივი თანაგიგძნობთ! ყველა ჩვენთაგანი განიცდის თქვენი ქალიშვილის დაპატიმრებას, ჩვენ ვღელავთ თქვენი ქალიშვილის გარშემო დატრიალებული ამბის გამო. ცხადია, გესმით, ახლა რთულია ყველამ პირადად გამოხატოს თავისი თანაგრძნობა. ინსტიტუტში ბევრი თანამშრომელია, რომელიც ყველას გასაგონად და დასანახად არაფერს მოიმოქმედებს. თუმცა, გარწმუნებთ, ყველას ესმის, თუ რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით თქვენი ქალიშვილის ქმედებების გამო. ყველა დარწმუნებულია, რომ იგი ვერც კი აცნობიერებდა, რას სჩადიოდა, – ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ეუბნებოდა მეცნიერებათა დოქტორი პლატონ თაქთაქიშვილი, – ბატონო გარსევან, მე მხოლოდ იმისთვის შეგაწუხეთ, რომ გამომეთქვა ჩემი მზადყოფნა, მივმართოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს თქვენი ქალიშვილის პატიების თხოვნით. ინსტიტუტში არაერთი ცნობილი მეცნიერია, რომელიც შუამდგომლობის წერილს ხელს მოაწერს. ხელისუფლება მათ აზრს პატივს სცემს. იქნებ მოვახერხოთ მათი გულის მოლბობა!
– უღრმესი მადლობა, ბატონო პლატონ! მე მგონია, რომ ახლა ჩემი ქალიშვილის შეწყალების ბარათზე ხელის მოწერა ძალინ გაბედული ნაბიჯი იქნება და უხერხულობას შეუქმნის ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს. მე ასეთი თხოვნა გამიჭირდება, – უპასუხა გარსევანმა.
– ბატონო გარსევან, საიდუმლოდ გეტყვით, რომ თქვენს ქალიშვილს გულშემატკივრებიც კი აღმოაჩნდა ინსტიტუტში. არაერთმა მეცნიერმა გულის სიღრმეში მოიწონა კიდეც პროკლამაციის ტექსტი, რომ “რუსეთის საბჭოთა იმპერიამ ჩვენი ქვეყანა სისხლისმსმელი ლენინის და ტერორისტი სტალინის კაცთმოძულე იდეების პოლიგონად აქცია!” რა თქმა უნდა, პროკლამაციის ტექსტი ძირითადად მიუღებელია ჩვენი ინტელიგენციისთვის, მაგრამ ჩვენს შორი ბევრი საპატივცემული ადამიანია რეპრესირებულთა ოჯახებიდან. ისინი მზად არიან თქვენი ქალიშვილის თანადგომისთვის. მათი თანადგომა კი სხვების გულმოწყალებას აღძრავს.
– კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი სარისკო თანადგომისთვის, მაგრამ საიდან იცით პროკლამაციის შინაარსი ბატონო პლატონ?
– ჩვენი დირექტორი, პატივცემული ვალერიანი იმყოფებოდა ცენტრალურ კომიტეტში. ძალიან უკმაყოფილოები ყოფილან. ფიქრობენ, რომ უშუალოდ თქვენგან, თქვენი ოჯახისგან პარტიას ასეთი მოულოდნელი უსიამოვნება არ უნდა მისდგომოდა. შეიძლება, სიტყვა უსიამოვნება რბილად ნათქვამია. ასეთ გამანადგურებელ გამოხდომას პატივცემული გარსევან აბამელიქის ოჯახის მხრიდან არ მოველოდითო. რა თქმა უნდა, პირადად თქვენდამი პატივისცემას ყველა ინარჩუნებს. წარმოუდგენელიცაა, რომ თქვენი ამაგი, თქვენი მეცნიერული ღვაწლი ვინმემ უგულვებელჰყოს. -პლატონ თაქთაქიშვილი აშკარად ღელავდა, ცდილობდა, ისე გამოეთქვა ეს სახიფათო წინადადებები, ხმა კედლებსაც არ მისწვდენოდა. – და თან ჩვენი ინსტიტუტის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, პარტიის ცეკაში არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენი ქალიშვილის საქციელის გახმაურებას. ბატონო გარსევან, ჩემი სიტყვები პირადი სოლიდარობაა თქვენი ოჯახისადმი. საბედნიეროდ, ამ სოლიდარობის რეალიზაცია ცენტრალური კომიტეტის დონეზეც შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თქვენი ქალიშვილის გადასარჩენად.
– დიდი მადლობა, პატივცემულო პლატონ, თანადგომისთვისაც და იმ გამბედაობისთვისაც, რასაც ახლა იჩენთ…
– ჩემი მოკითხვა გადაეცით ქალბატონ ლოლას! ბატონო გარსევან, მინდა გითხრათ, რომ კვლავაც ვამაყობთ თქვენით! მზად ვართ, რომ თქვენი ოჯახის სატკივარი და უშუალოდ ნინოს ბედი ჩვენს საზრუნავად ვაქციოთ. ყოველთვის შეგიძლიათ გამანდოთ თქვენი სადარდებელი! თქვენ იმსახურებთ ჩვენს თანადგომას! ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს, ცენტრალური კომიტეტიდან აუცილებლად დაგვეხმარებიან! გულის სიღრმეში მე თქვენი თანამებრძოლი ვარ!