წერილი გუბერსკის ციხეში

 

ნინო, ჩემი საკანი თქვენგან ორი სართულით ზევით მდებარეობს. პატიმრობა ბედმა თითქოს ცხოვრების აზრის ძიებისთვის მარგუნა და ახლა ცხოვრების აზრს საპყრობილიდან ვეძებ. ჩემი ვინაობა და ავტორიტეტი აქ ყველასთვის ცნობილია და მეც ყველაფერი ვიცი, რაც ამ საპყრობილეში ხდება. თქვენს შესახებაც შევიტყვე.

ახლა აქ ყველა თქვენზე ლაპარაკობს. ჩვენ, საერთოდ, კეთილგანწყობილები ვართ პოლიტიკური პატიმარების მიმართ. რა თქმა უნდა, თქვენსავით პოლიტიკური პატიმარი არ ვარ, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობა პოლიტიკურმა შეხედულებებმა ჩამოაყალიბა. ადამიანები ხანდახან პირადი ცხოვრებით  იქმნიან მსოფლმხედველობას, ზოგჯერ კი მათ პოლიტიკური მსოფლმხედველობა უყალიბებს პირად ცხოვრებას. ვიცი, რომ ამ პოლიტიკურ სისტემას უპირისპირდებით, მისი შეცვლა გინდათ.

ოდესღაც ჩემმა შეხედულებებმა მიკარნახა, რომ ამ უსამართლო სახელმწიფოს კანონებს არ უნდა დავმორჩილებოდი. თქვენგან განსხვავებით, არ მქონდა მათი შეცვლის მოლოდინი, მაგრამ, შემეძლო, მათ არ დავმორჩილებოდი. ნინო, თქვენი დაპირისპირება რეჟიმთან ჩემთვის იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, მომეწერა და ჩემი თანდგომა გამომეთქვა.

მე მირზა (ამირ-ზადე) ალავერდიშვილი გახლავართ.

სახელმწიფომ საპყრობილე, ერთი მხრივ, ადამიანების დასაშინებლად და, მეორე მხრივ, დამნაშავეებზე შურისძიებისთვის შეჰქმნა. თუმცა, საპყრობილეში ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ ხვდებიან, რომ დანაშაულის ჩადენას ვერ ასცდნენ, რომ არ თქვეს უარი დანაშაულის ჩადენაზე. ზოგჯერ შეიძლება გაექცე დანაშაულს, უარი თქვა დანაშაულზე, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას ვერ გაექცევი!

იცით, ნინო, თუ უსამართლობას გრძნობ, მაშინ, როცა თვალში ნაცარს გაყრიან და  გიმტკიცებენ, სამართლიანობას შენ ვერ ხედავ და უსამართლობა მხოლოდ გეჩვენებაო, გინდება, რომ შეეწინააღმდეგო, დაუპირისპირდე უსამართლობას და როცა შენს წინააღმდეგობას, შენს დაპირისპირებას ახშობენ, მზად ხარ იბრძოლო, თუნდაც ამ ბრძოლისას სარჩოს მოპოვება დანაშაულის გზით გიხდებოდეს…

რა თქმა უნდა, დანაშაულიც არ არის სამართლიანი, მაგრამ ხანდახან ის შურისძიებაა! ისეთივე უსამართლო შურისძიება, როგორიც საპყრობილეა სიმართლეწართმეული ადამიანებისთვის!

თუმცა, მეორე მხრივ, საპყრობილე მყუდრო ადგილია ფიქრებში ჩაღრმავებისთვის. ვზივარ და ვფიქრობ. მართალია, ჯერჯერობით, კითხვებს უფრო ბევრს მივაგენი, ვიდრე პასუხებს…

მაგრამ ჯერ კიდევ ვეძებ არსებობის სწორ გზას. მინდა მკაფიო სახელი დავარქვა უსამართლობებსაც და თავისუფლების ძიებასაც.  ვეძებ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება არსებობდეს თავისუფლება უსამართლობაში; რა არის საპყრობილეში გამოკეტილისთვის თავისუფლება ან რა იქნება ის აქედან თავის დაღწევის შემთხვევაში, თუკი უსამართლობა ყველგანაა!

დღეს მთელი ქვეყანა თქვენზე ლაპარაკობს. და მეჩვენება, რომ თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის უფრო ნათელი სურათებისგან შედგება. უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, ასეთი დასაბუთება რომ ჰქონოდა ჩემს ბრძოლას!  თქვენი აქ ყოფნის შემდეგ ვიგრძენი, რომ თანამოფიქრალი მაკლია და გადავწყვიტე, ასეთი თხოვნით მომემართა. თუ მიიღებთ ჩემს წინადადებას, უბრალოდ, მიპასუხეთ,  წერილი მომწერეთ.

პასუხის დასაბრუნებლად შეგიძლიათ ფანჯრის ცხაურზე დააკაკუნოთ და ზედა სართულიდან მაშინვე ჩამოუშვებენ  კანაფს წერილის მისაბმელად.

 

დიდი პატივისცემით და პასუხის დიდი იმედით,

 

მირზა (ამირ-ზადე) ალავერდიშვილი

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15