წერილი გუბერსკის ციხეში

 

ნინო, ამ დღეების განმავლობაში თქვენს წერილს ვერ ვიშორებ. თვალს ვერ ვწყვეტ თქვენს სიტყვებს. ხან გუნებაში ვიმეორებ მათ და ხან წერილში ჩავცქერი ხოლმე, რადგან თითქოს იმ ცხოვრების ნაპირი დამანახეთ, რომელსაც ყოველთვის დავეძებდი და ვერსად ვაგნებდი. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახლოს ჩამიარეთ, ნატიფად, კდემამოსილად. თითქოს სულგრძელი მზერა გამოიმეტეთ და მაგრძნობინეთ, რომ თქვენი მზერა დავიმსახურე. მაგრამ იმასაც მიმახვედრეთ, რომ ბევრად უფრო დიდი და ამაღლებული ბრძოლის გზას ადგახართ. არა, ეს არ შეურაცხყოფდა ჩემს ბრძოლას. პირიქით, თითქოს მომიწოდებდა, რომ ჩემი პატარა ბრძოლებიდან დიდი ომის ველისკენ გამომეხედა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში სულ ვემზადებოდი ამ წერილისთვის. სიამოვნებას მანიჭებდა იმის განცდა, რომ თქვენთვის კიდევ ერთხელ შემეძლო მომეწერა და, იმავდროულად, ვიტანჯებოდი იმის ფიქრით, რომ ჩემმა აზრებმა თქვენი ჩემდამი გაუცხოება არ გამოიწვიოს. მე ხომ სისტემამ ადგილი აქ, საპყრობილეში – ცხოვრების ფსკერზე მომიჩინა, სადაც კედლების ზედაპირზე გამოჟონილი ნესტივით  მუდმივად იჟღინთება გონება.  თითქმის ყველა საგანზე, ყველა ნივთზე ხომ ადამიანური ცდუნებებია დალექილი. აზროვნების სხვა ფორმა, სხვა მდგომარეობა სისტემამ ჩვენთვის არ გაიმეტა. მაგრამ თქვენ დამანახეთ, რომ სისტემას უნდა მოსთხოვო, შენი ადგილი ბრძოლით უნდა მოიპოვო და თავად არ უნდა იქცე ძალმომრეობის იარაღად…

თქვენმა სიტყვებმა მაგრძნობინეს თქვენი მომხიბლაობა, მშვენიერება – ის მშვენიერება, რომლის გადასარჩენადაც ყველაფერს გავაკეთებ. და, ამიტომ მინდა,  გითხრათ, რომ მე შემიძლია, გაქცევის ორგანიზება. მზად ვარ, გაგიყვანოთ ამ საპყრობილედან. ეს იქნება ჩემი ბრძოლა სისტემასთან და ბრძოლა თქვენი გადარჩენისთვის. ეს ჩემთვის ღირსების ბრძოლა იქნება.

 

გულწრფელი თაყვანისცემით,

მირზა (ამირ-ზადე) ალავერდიშვილი

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15