მოძღვარი აბდია და ქალბატონი ლოლა

 

ქალბატონი ლოლა დიდხანს იდგა ამბიონის საფეხურის ახლოს მდებარე სასანთლესთან. თითქოს სანთლების ალში ღვთის წყალობის ანარეკლებს ეძებდა.  ზებუნებრივი ძალების აღმოჩენის იმედით უცქერდა ცეცხლის ზანტად მოელვარე ალებში ჩამდგარ იდუმალებას. გუმბათის ქვევით გალობების, ლოცვების, რწმენის და ცოდვის, იმედების თუ შეუცნობლობის საუკუნოვან სიცარიელეს დაესადგურებინა. ქალბატონი ლოლა ამბიონს  მიუახლოვდა, რათა კანკელის ხატების სიღრმეებში შეეგრძნო მხსნელი ძალების არსებობა. მისი ფრთხილი ნაბიჯების ექო ტაძარს ისე მოედო, თითქოს მაღალი კედლები მის ყოველ მოძრაობას აყურადებდნენ.

რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ლოლას   ტაძრის მოძღვარმა შეხვედრის თხოვნა შეუთვალა. მოძღვარ აბდიას აბამელიქების ოჯახთან გარკვეული კავშირები ჰქონდა ქალბატონი ლოლას სამეგობრო წრის მანდილოსნების მეშვეობით. მოძღვრის შეთავაზებას ქალბატონი ლოლა თითქმის დაუფიქრებლად დათანხმდა. გარსევან აბამელიქი ამ შეხვედრის წინააღმდეგი არ იყო. მართალია,  გულის სიღრმეში არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მეუღლის შინაგანი გამძლეობისთვის ეს შეხვედრა შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო.

გარსევან აბამელიქი  პირუთვნელად ცდილობდა, ყოველთვის მეცნიერების მიერ განსაზღვრულ სააზროვნო სივრცეში დარჩენილიყო.  მისთვის მარქსიზმ-ლენინიზმი სახელმწიფოს მიერ დადგენილი ცხოვრების სავალდებულო ფილოსოფია იყო. მას შეეძლო მიეღო ჩუჩხეს თეორიაც ან უარეყო ფრიდრიხ ჰაიეკის იდეებიც. ეკლესიისა და რელიგიის როლიც მისთვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო შინაარს ატარებდა. ის ფიქრობდა, რომ ახლა თანაგრძნობის ნებისმიერ გამოვლინებას გამამხნევებლად შეეძლო ემოქმედა მეუღლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე.

ქალბატონი ლოლა, თავის მხრივ, გამამხნევებელ საშუალებებს ნაკლებად  დაეძებდა,  იგი ნინოს გადარჩენისთვის საჭირო ნებისმიერ ხელმოსაჭიდზე, მისი გადარჩენის  ნებისმიერ ხავსზე ჩასაბღაუჭებლად იყო მზად.

კანკელის მიღმა საკუთხევლიდან ხმები გაისმა და მათმა ექომ სანთლების ალებთან ერთად თითქოს გუმბათქვეშ დაგუბებული ცოდვებისა და აღსარებების უხილავი შრეებიც შეარხია. მერე საკურთხევლის კარი გაიღო და მოძღვარი აბდია გამოჩნდა…

 

– ქალბატონო ლოლა, უაღრესად ვწუხვარ იმის გამო, რაც თქვენი ქალიშვილის გამო ხდება, – თქვა მოძღვარმა, – ჩვენი ვალია, ვილოცოთ ადამიანებისთვის, მათი გადარჩენისთვის.

– ჩვენს დროში ბევრს არ სჯერა რწმენისა და ეკლესიის ძალის. ხალხი ლოცვას გადაეჩვია, მაგრამ გარწმუნებთ, ლოცვას დიდი ძალა აქვს, ქალბატონო ლოლა, ოღონდ მაშინ, როცა ადამიანი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე! ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მიუახლოვდეთ ღმერთს! ჩვენ, სასულიერო პირები მოწადინებულები ვართ, რომ ტაძრის ძალა დავანახოთ ადამიანებს, მაგრამ, საბოლოოდ, თავად ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ტაძარი შვებაა მათთვის, უნდა იპოვონ გულის ნამდვილი მესაიდუმლე, რადგან თავად ღმერთია ტაძარში მასპინძელი. ქალბატონო ლოლა, იარეთ ტაძარში, დაესწარით ხოლმე წირვას. რწმენა, ზიარება და აღსარება აუცილებლად დაგეხმარებათ და აუცილებლად მოიპოვებთ ღვთის წყალობას… ილოცეთ! ლოცვა და სიკეთე უშედეგოდ არასოდეს ჩაივლის.

– მასწავლეთ მოძღვარო, როგორ მოვიქცე, მასწავლეთ ლოცვა ..მე ყველაფერს გავაკეთებ…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15