ზევახის შეხვედრა კანტორაში

 

ზევახ გაგიშვილი კანტორის მესამე სართულზე მდებარე ანტისაბჭოთა დანაშაულების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსის კაბინეტში იმ საქაღალდით შევიდა, რომელშიც ნინო აბამელიქის დაკავების პირველივე დღიდან მოპოვებული დოკუმენტები ეწყო.

– ამხანაგო პოლკოვნიკო, თქვენი განკარგულების შესაბამისად, ანტისაბჭოთა მოქმედების გამოვლენის საქმეზე მოხსენებისთვის გამოვცხადდი ლეიტენანტი ზევახ გაგიშვილი, – წარმოთქვა უშიშროების კომიტეტის გამომძებელმა.

– დაბრძანდით, – უპასუხა პოლკოვნიკმა. – ამხანაგო გამომძიებელო, პარტიის კომიტეტი ითხოვს ანგარიშს ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, – თქვა პოლკოვნიკმა, – იმედია, ანგარიში იმედისმომცემი იქნება, რომ უახლოეს პერიოდში გამოვავლენთ ანტისაბჭოთა შეთქმულების მონაწილეთა ჯგუფს!

– მოგახსენებთ ამხანაგო პოლკოვნიკო! უშუალოდ ბრალდებული ნინო აბამელიქი ვერ დავიყოლიეთ ჩვენთან თანამშრომლობაზე. შესაბამისად, ანტისაბჭოთა ელემენტების გამოვლენისთვის, უშუალოდ ნინო აბამელიქთან მუშაობის პარალელურად, შევქმენით მრავალმიმართულებიანი ოპერატიული მოქმედებების გეგმა:

პირველი – დავიწყეთ ნინოს და მისი ოჯახის სანათესავო  და სამეგობრო წრეების შესწავლა. ამჯერად, მათზე მიმდინარეობს ინტენსიური მეთვალყურეობა.

მეორე – კომიტეტის მიერ გადმობირებული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ჩავრთეთ აბამელიქების ოჯახის წევრების ოპერატიული დამუშავების სქემაში. კერძოდ, გარსევან აბამელიქს კულტურის ცნობილმა მოღვაწემ შესთავაზა ცენტრალური კომიტეტისთვის გასაგზავნ ნინოს შეწყალების თხოვნაზე ცნობილი ადამიანების ხელმოწერების შეგროვება.

– იმედია, აცნობიერებთ, რას ნიშნავს ცნობილი ადამიანების ხელმოწერების გაგზავნა ცენტრალურ კომიტეტში!

– რა თქმა უნდა, ამხანაგო პოლკოვნიკო! ამ ჩანაფიქრის არსი ისაა, რომ ჩვენს მიერ გადმობირებულმა კულტურის მოღვაწემ აბამელიქების ოჯახში ნდობა მოიპოვოს ნინოსთან დაკავშირებულ საკითხებში ჩასართავად და შემდგომში ნინოს თანამოაზრეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ შეწყალების თხოვნის დოკუმენტს, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რეალური სახე გამოვავლინოთ საზოგადოებისთვის ცნობილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ასეთ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

– და რა არის იმის გარანტია, რომ ცნობილი ადამიანების ხელმოწერები საბოლოოდ ცენტრალურ კომიტეტში არ აღმოჩნდება?

– მოგახსენებთ ამხანაგო პოლკოვნიკო, შეწყალების თხოვნას თავიდანვე ჩვენი თანხმობით ხელს მოაწერს რამდენიმე ძალიან ავტორიტეტული კულტურის მოღვაწე. მათი გვარების არსებობა ამ დოკუმენტზე, ერთი მხრივ, გაათამამებს აბამელიქების ოჯახს და წააქეზებს მათ გულწრფელობას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს კულტურის სფეროს შეფარებულ იმ მერყევ ელემენტებს, რომლებიც ანტისაბჭოთა მოქმედებებისადმი სოლიდარულები იქნებიან. ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე კი, კულტურის ავტორიტეტული მოღვაწეები შეწყალების დოკუმენტიდან თავიანთი ხელმოწერების ამოღებას მოისურვებენ, რასაც შედეგად მოჰყვება ყველა ხელმომწერის რეაქცია და ისინიც მოითხოვენ დოკუმენტიდან თავიანთი ხელმოწერების ამოშლას. შესაბამისად, შეწყალების თხოვნა ცენტრალურ კომიტეტში ვერ აღმოჩნდება.

– ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხელმოწერების პროცესი დროში გახანგრძლივდეს, რათა აბამელიქების ოჯახის წევრების და ჩვენს მიერ გადმობირებული კულტურის მუშაკის ურთიერთობებმა გულისხმიერების მაღალ ხარისხს მიაღწიოს! – თქვა პოლკოვნიკმა, მაგრამ ამასთან ერთად, სწრაფ შედეგებზე ორიენტირებული ღონისძიებებიც გვესაჭიროება!

– რა თქმა უნდა, ამხანაგო პოლკოვნიკო! – უპასუხა ზევახ გაგიშვილმა. – გავაგრძელებ, თქვენი ნებართვით: გეგმის მომდევნო ნაწილი ეკლესიაში ავამოქმედეთ. ჩვენს სამსახურში მყოფმა სასულიერო პირმა შეხვედრა სთხოვა გარსევან აბამელიქის მეუღლეს, ლოლა ანდრონიკაშვილს და ნინოს გადასარჩენად საღვთო მსახურებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მოგეხსნებათ, სასოწარკვეთილი ქალბატონები განსაკუთრებითმგრძნობიარეები არიან ცრურწმენებისადმი.

– ალბათ, მკითხავებიც გამოდგებოდნენ, – ჩაილაპარაკა პოლკოვნიკმა.

– სასულიერო პირის უპირატესობა აშკარა იყო ამხანაგო პოლკოვნიკო. მან  ქალბატონ ლოლას იმედი ჩაუსახა, რომ წირვაზე დასწრებით და აღსარებით ღვთის წყალობას მიიღებს. მომავალში კი აღსარების ჭეშმარიტი ძალის ფასს შთააგონებს.

– თან ტაძრის კედლებს ყველაზე მგრძნობიარე ყურები აქვს, – გაიღიმა პოლკოვნიკმა, – და ღმერთს თუ ესმის, კანტორაც მოისმენს…

– რასაკვირველია, ამხანაგო პოლკოვნიკო, გპირდებით, ღმერთამდე კანტორა გაიგებს ყველაფერს. თუმცა, ტაძრის კედლებზე უკეთესი ყურები საპყრობილის კედლებს აქვს. ამიტომ, გეგმის შემდეგი ნაწილი სწორედ  საპყრობილეში მიმდინარეობს. კრიმინალური ავტორიტეტი  ნინოს სიყვარულში გამოუტყდა, გაქცევას სთავაზობს და მზადაა, მას სიყვარული დაუმტკიცოს. სამწუხაროდ, ნინომ გაქცევაზე უარი თქვა, ამიტომ მისი გულახდილობის  მოსაპოვებლად ახალ თემაზე ვმუშაობთ.

– საინტერესო იდეაა, მაგრამ კრიმინალურ ავტორიტეტებს ინტელექტუალურ მანდილოსნებთან ალბათ მცირე შანსები აქვთ… ვერ მოხიბლავენ… ეს ჩემი შინაგანი განწყობილებაა.

– სრულიად გეთანხმებით ამხანაგო პოლკოვნიკო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უშუალოდ მეც მიმეღო მონაწილეობა ნინოს გულის დაპყრობაში, – თქვა ზევახ გაგიშვილმა და გონებაში  პროფესიული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გაუკრთა.

– ინტელექტუალური მანდილოსნების გულებს ვერც ჩვენ, სამხრეებიანი ოფიცრები ვიპყრობთ! მათ რომანტიზმი, ჰუმანიზმი და კარგი მანერები ხიბლავთ.

– რა თქმა უნდა, ამხანაგო პოლკოვნიკო, ესეც გავითვალისწინე და ამიტომ სიყვარულში არა თავად ნინოს, არამედ უშუალოდ გარსევან აბამელიქს გამოვუტყდი. განვუცხადე, რომ მზად ვარ მისი ხელის სათხოვნელად, რომ მისი გადარჩენისთვის ყველაფერს გავაკეთებ და, რომ ნინოს გამოსახსნელად იმ ანტისაბჭოთა ელემენტების დადგენაა საჭირო, რომელთა გამოც ის გზას ასცდა. ვფიქრობ, რომ პატივცემული აბამელიქი ყველაფერს იღონებს ყველა იმ პირის იმ  გამოვლენისთვის, რომლებიც მისი ქალიშვილისა და მის ქალიშვილზე შეყვარებული ადამიანის ბედნიერებას ხელს უშლიან. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ საბჭოთა მეცნიერია…  და, თუ მასზე ამ შეგონებებმა არ იმოქმედა, მისი მეუღლე ლოლა ანდრონიკაშვილი ნამდვილად შეავსებს ამ ნაკლოვანებას – დიახ, ქალბატონი ლოლა, რომელიც ჩემს სიტყვებს ნინოს ხელის თხოვნის შესახებ სამზარეულოს დახურული კარის უკნიდან ისმენდა…

 

P.S.

 

ოფიცერი ზევახ გაგიშვილი 1990 წელს სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15