ზევახი აბამელიქის ოჯახში
– პატივცემულო გარსევან, დღეს არაოფიციალურად გესტუმრეთ. ეს სტუმრობა ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება და თან დიდი პატივია ჩემთვის, რომ მასპინძლობაზე უარი არ მითხარით – თქვა ზევახ გაგიშვილმა, როცა მაგიდასთან დასხდნენ. – ახლა უკვე სხვაგვარად არ შემიძლია. მე ნინოს ძალიან ხშირად ვხვდები დაკითხვის ოთახში. ნინოს გარდა დაკითხვის ოთახებში უამრავი შეხვედრა მაქვს. ადამიანები დაკითხვის დროს ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს ავლენენ. მოკლედ გეტყვით, რომ უმრავლესობა მზადაა თავის გადასარჩენად ყველაფერი ჩაიდინონ, ყველაფერი იკადრონ. ადამიანები თავიანთ დანაშაულს სხვებს აბრალებენ, შეუძლიათ ისეთ ჩვენებებზეც კი მოგვიწერონ ხელი, საკუთარ მეგობრებს რომ გაისტუმრებენ ციმბირში, ან საერთოდ რომ არ სმენიათ იმ დანაშაულის შესახებ. რთული და მძიმეა კანტორაში მოხვედრილი ადამიანების ისტორიები, პატივცემულო გარსევან.
– დარწმუნებული ვარ, რომ კანტორის ყურადღების არეალში მოხვედრილი ყველა ადამიანი რთულ მდგომარეობაშია, ამხანაგო ზევახ, – უპასუხა გარსევან აბამელიქმა, – ძალიან საინტერესოა თქვენი კანტორის ისტორიები, მაგრამ, სანამ თხრობას განაგრძობთ, კონიაკს და ხილს შეოგთავაზებთ. ჩემი მეუღლე სიამოვნებით გაგვიმასპინძლდება.
– დიახ, შემიძლია ვახშამიც შემოგთავაზოთ, – შემოიხედა სამზარეულოდან ქალბატონმა ლოლამ გამომძიებლის გულის მოსაგებად.
– უღრმესი მადლობა, უარს არ გეტყოდით ნამდვილად, მაგრამ ცოტა დრო მაქვს და პატივცემულ გარსევანთან განმარტოებით საუბარი მინდა გთხოვოთ…
– როგორც ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე ყოველთვის დიდ პატივს მივაგებდი თქვენს ოჯახს, თქვენს მეცნიერულ როლს და ღვაწლს, რომელსაც არ იშურებთ ჩვენი ქვეყნისთვის, – თქვა ზევახ გაგიშვილმა, როცა ქალბატონმა ლოლამ მისაღები ოთახის კარი გაიხურა, – მაგრამ ახლა მე უფრო პირად საკითხებზე მინდა მოგახსენოთ! პატივცემულო გარსევან, მე დღესვე მზად ვარ ნინოს ხელი გთხოვოთ, ნინო აღმაფრთოვანებს თავისი მშვენიერებით და ნიჭიერებით, იგი ყველაზე ძვირფასი ადამიანი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ასევე, სასურველი რძალი და შვილი იქნებოდა ჩემი მშობლებისთვის, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. მე ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო ნინოსთან ჩემს გრძნობებს ვერ გამოვხატავ. იმისთვის, რომ ნინოს ხელი გთხოვოთ, მის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილება უნდა ავირიდო. ასეთ შემთხვევაში კი მას ისეთი გამომძიებელი შეიძლება შევიდეს, რომელიც დაამძიმებს მისი საქმის გამოძიების შედეგებს. იცით, თუ მე მექნება სულ მცირე შესაძლებლობა მაინც, რომ მას სასჯელი მაქსიმალურად შევუმსუბუქო, ეს უდიდეს ბედნიერებას მომანიჭებს. მის გათავისუფლებას კი ჩემი პირადი გრძნობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, – ამბობდა ზევახ გაგიშვილი. გარსევან აბამელიქს თვალს ვერ უსწორებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ იგი მას დაჟინებით უცქერდა და აკვირდებოდა. უფრო მეტიც, გრძნობდა, რომ ქალბატონი ლოლა იდგა მისაღები ოთახის დახურულ კართან და ისიც მთელი გულისყურით უსმენდა მას.
– პატივცემულო გარსევან, თქვენი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად უპირველესად მისი აზრი იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, მაგრამ ახლა მე მინდა, ყველაფერი გავაკეთო მისი გადარჩენისთვის, რათა მომეცეს მისი ხელის თხოვნის შესაძლებლობა. თუ მე ახლა იგი ვერ გადავარჩინე, მგონია, ვერასოდეს მოვიპოვებ მის სიყვარულს. ამიტომ, გთხოვთ თანადგომას. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ის იქნება, თუ დავამტკიცებთ, რომ ნინო ანტისაბჭოთა აგიტატორების გულუბრყვილო მსხვერპლია, რომელსაც პროკლამაციებს ავრცელებინებდნენ, მაშინ მის გადარჩენას შევძლებთ…