ზევახი და ნინო

 

უშიშროების კომიტეტის დროებითი დაკავების საკნები ნახევარსარდაფში იყო განთავსებული და დღის სინათლე საკნებში ჭერთან ახლოს მდებარე სარკმელებიდან აღწევდა. დაკითხვის ოთახიც საკნების დონეზე, ნახევარსარდაფში მდებარეობდა, მაგრამ საკნებისგან განსხვავებით, მას სარკმელი არ გააჩნდა. ოთახს მბჭუტავი ნათურა ანათებდა და სარდაფისთვის დამახასიათებელი ნესტის სუნი იდგა.

– დაკითხვის ოთახი უსარკმელო ოთახში ალბათ იმის გამო არ მოუწყვიათ, რომ მზის სხივები დაკითხვას ხელს შეუშლიდა, ალბათ წამების დროს ადამიანების ტანჯვის ხმა გარეთ რომ არ გასულიყო, იმის გამო შეარჩიეს დაკითხვებისთვის ეს ოთახი, – ფიქრობდა ნინო, რომელიც გამომძიებლის მოლოდინში იატაკზე მიმაგრებულ თუნუქისზედაპირიან მაგიდასთან იჯდა და იმ შემზარავი სცენების წარმოდგენას ცდილობდა, რომლებიც ადამიანებს ამ ნახევარსარდაფში ჰქონდათ გადატანილი: – ალბათ სწორედ ამ შემზარავი ამბების წარმოდგენა უბიძგებდა ადამიანებს დანებებულიყვნენ, გაეთქვათ, დაესმინათ, მიეცათ ცრუ ჩვენებები, – ფიქრობდა იგი. – დასმენა ალბათ ორგვარია, როცა დაასმენ თავის გადასარჩენად და როცა ამას აკეთებ კარგი ცხოვრებისთვის! რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა სახის დასმენაა და მათი შეფასება რთული არაა, – გაიფიქრა ნინომ. – თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სახის დასმენა – უგუნური დასმენა! ხალხი აღზარდეს, ადამიანები გამოწვრთნეს იმ შეგნებით, რომ დასმენა საყოველთაოდ მიღებული საჭიროებაა. ეს მორალი შეათვისეს, შთააგონეს. ისინი ვეღარ ხედავენ მსხვერპლს, ბოროტებას, მათი საქციელი გამართლებულია, რადგან ჰგონიათ, რომ მსხვერპლს კი არ ანადგურებენ, ბოროტებას კი არ ემსახურებიან, არამედ – საჭიროებას; რომ მათი აზროვნება მათ გადარჩენას ან კეთილდღეობას კი არ განსაზღვრავს, არამედ მათ არსებობას განაპირობებს. ისინი, უბრალოდ, ასეთ ადამიანებად ჩამოაყალიბეს  და რაღა საჭიროა ასეთ დროს მათი წამება, ძალადობა?! ალბათ ამ ოთახში ყველაზე შემზარავი ასეთი ადამიანების ყოფნა იყო. მათი ტკივილების ჩასახშობად საჭირო არ იქნებოდა სარკმლის ამოგმანვა. ეს მხოლოდ იმისთვის დასჭირდებიდათ, რომ ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანის შემზარაობა დაეფარათ…

 

ნინო წამოდგა, როგორც კი გამომძიებელი დაკითხვის ოთახში შევიდა.  იგი პატიმარს მიუახლოვდა და მაგიდაზე  თასმებით გვერდმოკრული მუყაოს დანომრილი საქაღალდე დადო.

– მე თქვენი გამომძიებელი ვარ, ზევახ გაგიშვილი, – უთხრა მან ქალს.

– ამხანაგო ზევახ, – წარმოთქვა ქალმა, – თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვაპირებ გამოძიებასთან თანამშრომლობას.

– არა, სანამ თანამშრომლობაზე ვილაპარაკებთ, მინდა გითხრათ, რომ ახლა ჩვენ უშიშროების კომიტეტის დროებითი დაკავების იზოლატორში ვიმყოფებით და აქ ბრალდებულს არ აქვს უფლება ამხანაგოთი მიმართოს ორგანოების წარმომადგენლებს! ოფიციალურად, მე თქვენთვის გამომძიებელი ზევახ გაგიშვილი გახლავართ, ან მოქალაქე გამომძიებელი! თუმცა, პირადად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩემი კეთილგანწყობით და, უბრალოდ, ზევახი დამიძახოთ, დაბრძანდით!

– გმადლობთ, არ ვიცი, რით დავიმსახურე თქვენი კეთილგანწყობა, მაგრამ მირჩევნია, ოფიციალურად მოგმართოთ გამომძიებელო ზევახ! მინდა გითხრათ, რომ მე გამოძიებასთან თანამშრომლობას და კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, – უპასუხა ნინომ, – ჯალათის და საწამებელი ხელსაწყოების გარეშე სულაც არ არის ეს ოთახი შემზარავი, – გაიფიქრა მან იმავდროულად, – და ეს გამომძიებელი არ გამოიყურება შემზარავ ჯალათად…

– რა თქმა უნდა, ნინო, თქვენ შეგიძლიათ, არ ითანამშრომლოთ ჩემთან და ჩემს კითხვებს არ უპასუხოთ. მოდი, დავსხდეთ. სიმართლე გითხრათ, მე ჯერ კითხვებიც არ მაქვს. თანამშრომლობის რა გითხრათ, ჯერ არც თანამშრომლობაზე მიფიქრია. ახლა მომცეს თქვენი საქმე. გადავხედე დოკუმენტებს, მაგრამ, ვიფიქრე, სანამ აზრი ჩამომიყალიბდებოდა ამ დოკუმენტებზე, თქვენ შეგხვედროდით და გამეგო, რა არის და რა არ არის ამ ქაღალდებში მართალი, – თქვა ზევახ გაგიშვილმა. მერე მშვიდად, ხელის და თვალების მოძრაობით მიანიშნა, რომ დაჯდომას აპირებდა და იმის შემდეგ, რაც ნინო სკამისკენ დაიხარა, მასთან ერთად მაგიდას მიუჯდა.

ნათურის ყვითელი სინათლე ნინოს დაბნეულ და შეუვალ გამომეტყველებას მისივე თმისა და სახის ნაკვთების ჩრდილებს აფენდა. ქალმა თავის მოძრაობას  თხელი თითები შეაშველა და თმა უკან გადაიწია. იმავდროულად მისმა სახემ  დაუმორჩილებლობისა თუ შეუპოვრობის განწყობა გამოანათა. ზევახ გაგიშვილი მიხვდა, რომ ბრალდებულის საიდუმლოებათა ფარულ სიღრმეებთან ერთად მის სილამაზესთანაც მოუწევდა გამკლავება…

– ჰო, მართლა, თქვენთან შეხვედრამდე მამათქვენს ველაპარაკე. მისი ღირსებებიდან გამომდინარე, არ შემეძლო, მას არ გავსაუბრებოდი და არ მენუგეშებინა თქვენი მდგომარეობის გამო! – თქვა გამომძიებელმა და ახლა ისიც იგრძნო, რომ საკუთარი შთაბეჭდილებების და ემოციების დასაფარად გარკვეული ძალისხმევა დასჭირდებოდა. – ალბათ გესმით, რა რთული იქნება მამათქვენისთვის იმის გადატანა, რაც თქვენს პატიმრობას მოჰყვება!

– მოქალაქე გამომძიებელო, ალბათ თქვენ გგონიათ, რომ ჩემი პატიმრობის ან ჩემი ოჯახის წევრებზე თქვენი ზემოქმედების შესაძლებლობების გამო შევშინდები! – უთხრა ნინომ და გაბედულად, ძალიან გაბედულად შეხედა ზევახ გაგიშვილს თვალებში, გამომძიებელი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ამ ქალის მომხიბლაობის დასაძლევად საკუთარ თავთან გარკვეული ძალისხმევა ნამდვილად დასჭირდებოდა…

– ნინო, არ ვიცი, რით უნდა შეგაშინოთ, ან რატომ უნდა მინდოდეს თქვენი შეშინება! შეიძლება მართლა იყო დრო, როცა აქ ფრჩხილებს აცლიდნენ და თავში ტყვიის დახლით ემუქრებოდნენ ადამიანებს. ასეთ მეთოდებს აღარ ვიყენებთ. ადრე, როცა ამას აკეთებდნენ, იმ დამნაშავეების შესახებ უნდოდათ აღიარებითი ჩვენებების მიღება, რომლებსაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეეძლოთ. დიახ, ცოდვა გამხელილი სჯობს, დამნაშავეებს აწამებდნენ ჩვენებების მისაღებად. ახლა, ჯერ ერთი, ჩვენ ეს მეთოდები აღარ გვესაჭიროება და მეორეც, თქვენს შემთხვევაში, გამოსაკვლევი თითქმის არაფერია. უბრალოდ, არაფერში გვჭირდება თქვენი დაშინება, რადგან ანტისაბჭოთა სააგიტაციო ფურცლები თქვენს ჩანთაში ვიპოვეთ. ამის გარდა, არაერთმა მოქალაქემ დაგინახათ და დაგვიდასტურა, რომ ამ ფურცლებს საფოსტო ყუთებში თქვენივე ხელით ათავსებდით. თუმცა, მე თქვენთან იმისთვისაც მოვედი, დავრწმუნებულიყავი, ნამდვილად ხართ თუ არა დამნაშავე, როგორც ამ ანტისაბჭოთა იდეების ავტორი,  და არა უბრალოდ ფურცლების გამავრცელებელი. იცით, როცა დაგინახეთ, მივხვდი, ის რაც თქვენს ფურცლებზე ამოვიკითხე, რომ “საბჭოთა კავშირი ხალხთა საპყრობილეა”, თქვენი ნააზრევი სულაც არ არის. არ შეიძლება იყოს თქვენი ნააზრევი, რადგან თქვენნაირ მშვენიერ, ამ ქვეყანაში განათლებამიღებულ ახალგაზრდა ქალს არ შეიძლება, ასეთი აზრები უჩნდებოდეს. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, გზააბნეული, წარუმატებელი შარლატანების მსხვერპლი ხართ. ისეთი შარლატანების, რომელებიც სახელმწიფოს საფრთხეს ვერ შეუქმნიან! აი, ამიტომ მე თქვენს დაშინებას არ ვაპირებ!

– მე არ ვარ არავის მსხვერპლი, – თქვა ნინომ.

– მე კი ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ ეს ფრაზები მოიფიქრეთ, რადგან არ შეიძლება განიცდიდეთ ამ ქვეყანას საპყრობილედ! თქვენი ოჯახი ერთ-ერთი წარმატებულია ჩვენს ქვეყანაში, დაფასებული, პრივილეგირებული! არასოდეს ყოფილა ეს ქვეყანა თქვენი ოჯახისთვის საპყრობილე…

– მოქალაქე გამომძიებელო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს  როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ქვეყანას ჩვენი ოჯახისადმი! მე ვიცი, რომ ამ ქვეყნის ადამიანებისთვის, რომლებსაც სიმართლეს უმალავენ, ჩემი პროკლამაციების სიტყვები საჭირო, მათთვის უმნიშვნელოვანესი  სიმართლეა! უფრო მეტიც, თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ ეს სიტყვები უშუალოდ ჩემი ნააზრევია, გეტყვით, რომ ისინი უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამის ინტერპრეტაციაა. “საბჭოთა კავშირი არ არის ხალხთა საპყრობილე,იგი ხალხთა კომუნალური ბინაა”- აი, ასე თქვა უინსტონ ჩერჩილმა!

ზევახ გაგიშვილმა თავი დახარა, მერე საქაღალდე აიღო, თასმები შეხსნა, გადაშალა და ფურცლების თვალიერება დაიწყო. – ეს ნამდვილად წამოცდენაა, – ფიქრობდა იგი, – თუ ეს სიტყვები ტექსტში შენ გეკუთვნის, ესე იგი არსებობს ამ ტექსტში სიტყვები, რომლებიც უშუალოდ შენი ჩაწერილი არაა, – ფიქრობდა, რომ ეს კითხვა უნდა დაესვა  და დაკვირვებოდა, როგორ ეცდებოდა ამ წამოცდენისგან თავის დაღწევას. ცხადია, უარყოფითი წინადადებით შეპასუხება, დიდი ალბათობით, თავის დაძვრენის მცდელობა იქნებოდა, მაგრამ ამით მისდამი საკუთარ უნდობლობას უხეშად გაამჟღავნებდა. ამიტომ, საქმის გვერდების გადაფურცვლა შეანელა, მერე ნინოს შეხედა და ღიმილით უთხრა:

– ხედავთ, ჩერჩილი არ იყო ამ სიტყვების ავტორივით სასტიკი, თქვენთვის ავტორიტეტულ ჩერჩილს მაინც დაუჯერეთ, ჩვენი ქვეყანა არაა ხალხთა საპყრობილე!

– ჩერჩილისადმი ჩემი არაკორექტულობა იმედია, არ დაამძიმებს ჩემს ანტისაბჭოთა დანაშაულს, – ირონიით უპასუხა ნინომ.

– იცით ნინო, თქვენი ეს მინიშნებებიც და პროკლამაციის შედგენაში სხვა მონაწილეების უარყოფაც არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ, მთელი თქვენი ოჯახისთვის არის ძალიან საშიში და დამამძიმებელი! – უპასუხა გამომძიებელმა უკვე მზრუნველი და სერიოზული მზერით. – ისევ გარწმუნებთ, არ ვცდილობ თქვენს დაშინებას, მაგრამ თქვენი პასუხები იმას გამოხატავს, რომ საბჭოთა ოჯახში აღზრდილმა ახალგაზრდა, მშვენიერმა  ქალიშვილმა ანტისაბჭოთა აზრებს საკუთარ ოჯახში მოუყარა თავი. ოჯახში, რომელიც ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების მაღალი ნდობით და პატივით სარგებლობდა! იცით, რა ფასად დაუჯდებათ ეს მათ?

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15