წერილი გუბერსკის ციხეში

 

– მოგესალმებით! მოულოდნელი, საინტერესო და სასიამოვნო იყო ჩემთვის თქვენი ბარათი. ასევე, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყურადღების გამოჩენისთვის.

აქამდე მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს ისეთი ადამიანების შესახებ, წინააღმდეგობებთან ბრძოლა რომ ურჩევნიათ შეგუებას. იმასთან შეგუებას, რაც უპირობოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ  უსამართლოდ და მიუღებლად. მე ისეთ გარემოში მომიწია ცხოვრება, სადაც დადგენილ წესებთან შეგუება კარგ საქციელად ითვლება.

 

ჩვენს ყოველდღიურობაში ბევრი ჩვეულებაა სრულიად აუხსნელი და  მიუღებელი, მაგრამ ნორმებად დამკვიდრებული ჩვეულებების ატანა თითქმის სავალდებულოა. მე სულ მქონდა ისეთი ადამიანების აღმოჩენის მოთხოვნილება, რომლებიც შეეწინააღმდეგებოდნენ ამ ხელოვნურად დამკვიდრებულ ჩვეულებებს. სულ მინდოდა, რომ ჩემს სიახლოვეს ასეთ ადამიანებს ეარსებათ, იმის მიუხედავად, რომ, ისინი თითქმის ყოველთვის განწირულები იყვნენ მარცხისთვის.

ამიტომ ჩემთვის სასიამოვნოდ ჟღერდა თქვენი მოსაზრებები შეწინააღმდეგებისა და დაპირისპირების შესახებ.  ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ტექსტი, თითქოს ისიც კი ვიგრძენი, რომ სრულიად მისაღები და კანონზომიერი იყო  ამ საპყრობილეში ჩემი მოხვედრა. ვფიქრობდი, თუნდაც ამისთვის ღირდა პატიმრობა, რადგან აქ წიგნებში ამოკითხული მეამბოხეების მხატვრული სახეებისგან განსხვავებით, ნამდვილი ადამიანის ხელით დაწერილ სიტყვებს ვკითხულობ-მეთქი.

აუცილებლად უნდა გითხრათ ისიც, რომ მე არ მიყვარს და ვერასოდეს ამაღელვებს ის აღტკინებები, რომლებიც დანაშაულებრივი აზროვნების ჰუმანიზაციას ემსახურება. მაგრამ, თქვენს წერილში აღწერილმა მეამბოხეობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენ ამბობდით, რომ საპყრობილეების აშენებას აჯობებდა ადამიანებზე ისე ეზრუნათ, რომ საპყრობილეები არ ყოფილიყო საჭირო. რა თქმა უნდა, როცა საპყრობილეები არის საჭირო, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება სათანადოდ ვერ ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ასეთი ზრუნვის ნაკლებობის გამო დანაშაულს სჩადიან.

იცით, ძალიან მომეწონა თქვენი გამოთქმა  და მეც მიგრძვნია ხოლმე, რომ პასუხები უფრო მეტია ჩვენს ცხოვრებაში, ვიდერე კითხვები. როცა ძალმომრება ყველაფერზე საკუთარ პასუხს იძლევა და ვალდებული ხარ ამ პასუხებს დაემორჩილო, დიახ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ კითხვები აღარ არსებობს, მაგრამ სწორედ ამ დროს უნდა გიჩნდებოდეს კითხვები! და როცა ამ კითხვებზე ისეთ პასუხებს იპოვი, ძალმომრეობის ოფიციალურ პასუხებს რომ არ ემთხვევა, იქ იწყება თავისუფლება. და, თუ ამ თავისუფლებამდე ვერ მიდიხარ, ვერც იმას ხვდები, რომ თავისუფლება კი არ წაგვართვეს, უბრალოდ, გადაგვაგვარეს…

ჩვენ ამ ქვეყანაში დიდი ბოროტების პირისპირ გვიწევს ცხოვრება. ესაა სიყალბე და დიდი მადლობა, რომ თქვენ მე აზრები ამიფორიაქეთ. მაგრძნობინეთ, რომ იქ ვიმყოფები და მათ ადგილზე ვარ, ვისაც აზრების აფორიაქება სჭირდება. თუნდაც ამისთვის დიდი მადლობა!

დაბოლოს, კანაფი, რომელზეც ეს ბარათი უნდა მივამაგრო, მგონია, რომ თავისუფლებიდან ჩამოუშვებენ…

 

პატივისცემით, ნინო აბამელიქი

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15