გარსევან აბამელიქის  სახლი

 

– ახლა ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ, – გაიფიქრა გარსევან აბამელიქმა, როცა შინ დაბრუნებულს შეშფოთებული მეუღლე  ამბის შეტყობის სულმოუთქმელობით შესასვლელ დერეფანში დახვდა. ლოლა ანდრონიკაშვილი – გარსევანის მეუღლე,  შემოსასვლელი დერეფნიდან მისაღები ოთახისკენ უხმოდ მიმავალ, მხრებში მოხრილ ქმარს უკან გაჰყვა. უამრავი კითხვის დასმა უნდოდა, მაგრამ გარსევანის სისხლგამომშრალმა გამომეტყველებამ თითქოს ხმის ამოღების უნარი წაართვა. კახაბერი, გარსევანის უფროსი შვილი მისაღებ ოთახში ელოდებოდა.

– ნახე, გაჩვენეს ნინო? – ჰკითხა მან გარსევანს ოთახში შესვლისთანავე.

– არა, ნინოს ალბათ დიდხანს ვეღარ ვნახავთ, – უპასუხა გარსევანმა და სავარძელში ჩაეშვა.

მისაღებ ოთახში სიჩუმე ჩამოდგა – მოლოდინით და უიმედობით სავსე სიჩუმე. ოთახში განთავსებულმა ნივთებმა  ფანჯრიდან შემოღწეული სხივები  თითქოს იდუმალებად აირეკლეს. იდუმალებას ირეკლავდა მოსკოვიდან გამოწერილი რუმინული  პოლირებული “ტულპანის” ავეჯი, ჩეხური ბროლი და ანტიკური, ვენეციური მინის ნაკეთობები.  ეს არ იყო საყოფაცხოვრებო დუმილი, ეს იყო ყოფიერების მეტაფიზიკური იდუმალება, საბჭოთა მეცნიერის ოჯახში დაუშვებელი წარმოსახვებისა და მოვლენების საწინააღმდეგო რეალობა.

ლოლა ანდრონიკაშვილი მისაღები ოთახის შესასვლელს მიეყრდნო იმის მოლოდინში, რომ გარსევანი კიდევ იტყოდა რამეს.  კახაბერი მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩაჯდა. გარსევანს უნდოდა მეუღლისთვის შეეხედა, მაგრამ თავი დახრილი ჰქონდა და თითქოს  წამოწევაც აღარ შეეძლო.

– ახლა ძალა საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ! სხვა არავინ ამ ძალას არ მოგვანიჭებს! – ჩაილაპარაკა მან.

– რა მოხდა, გვითხარი, ჩვენც ხომ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა, –  თქვა კახაბერმა.

– უნდა იცოდეთ, რა თქმა უნდა, თქვენც უნდა იცოდეთ, მაგრამ ეს არ არის ადვილი სათქმელი, – უპასუხა გარსევანმა.

– გარსევან, მოსმენაც ძნელი იქნება, შეიძლება, უფრო ძნელი, ვიდრე ლაპარაკი, მოგვიყევი ბოლოს და ბოლოს! – მეუღლე ქმარს ისე მიაჩერდა, თითქოს ვერ გარკვეულიყო, შვებას ელოდებოდა თუ განაჩენს.

– ნინო პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს, – ამოთქვა გარსევანმა, – საფოსტო ყუთებში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ყრიდა.

ქალბატონი ლოლა გაფითრდა. მაგრამ მოულოდნელად თითქოს გონს მოეგო, მაშინვე ფანჯრებს მივარდა და სასწრაფოდ დახურა. ჩაკეტა ოთახის კარიც და – ჩუმად ილაპარაკე, ჩუმად, – უთხრა ქმარს, თან ოთახს ათვალიერებდა, თითქოს ამოწმებდა, რამე ღია ხომ არ დარჩენოდა.

– ხელჩანთაში პროკლამაციები უპოვეს. პროკლამაციებში ეწერა, რომ საბჭოთა კავშირი ხალხთა საპყრობილეა, რომ სისხლისმსმელმა ლენინმა და სტალინმა ჩვენი ქვეყანა საკუთარი იდეების პოლიგონად აქციეს. როგორც ჩანს, ეს ამბავი უკვე მოსკოვშიც იციან. რუსები კი არავის დაინდობენ ანტისაბჭოთა გამოხდომების გამო. ისინი არც ჩვენ, არც ჩვენს ოჯახს და არც ჩვენს გარემოცვას დაზოგავენ!

– როგორ უნდა დაეწერა ნინოს ასეთი ტექსტი, ეს მისი სიტყვები არაა, – თქვა გარსევანის მეუღლემ, – გარსევან, ეს ტექსტი სხვა ადამიანების დაწერილია!

– ამ ტექსტებს ყრიდა საფოსტო ყუთებში ნინო და ეს ტექსტი უპოვეს მას ხელჩანთაშიც. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ნინო ამ ტექსტს ვერ დაწერდა, მაშინ ნინოსგან ტექსტის ავტორების დასახელებას მოითხოვენ! თუ ნინო მათ არ დაასახელებს და იტყვის რომ თვითონ დაწერა ეს ტექსტი, მაშინ გამოძიების ბრალდება ჩვენს ოჯახზე გადმოვა, რომ ჩვენ ვასაზრდოვებდით მას ანტისაბჭოთა იდეებით, – თქვა გარსევანმა. – შემიძლია გამოძიებას ვუთხრა, რომ მე თვითონ ვუყვებოდი ნინოს ანტისაბჭოთა ისტორიებს, მაგრამ ამით ნინოს ბრალს არ შეუმსუბუქებენ! უბრალოდ, მთელს ოჯახს ანტისაბჭოთა ბუნაგად შეგვრაცხავენ!

– იქნებ ვთქვათ, რომ ამ ტექსტს გაუაზრებლად ავრცელებდა, რომ ვერ ათვითცნობიერებდა ტექსტის შინაარსს, – შეეპასუხა გარსევანს მეუღლე. – შენი ავტორიტეტი, შენი მდგომარეობა! მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს! როგორ შეიძლება, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინოს, ვისი ოჯახიდან არის ნინო! – ამბობდა ქალბატონი ლოლა.

– ნინომ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, მარტო მას არ აგებინებენ პასუხს, – უპასხა მეუღლემ, – ლოლა, ჩემი რეპუტაცია მას ვერ დაეხმარება! ახლა პირიქით, ჩემს რეპუტაციას გაანადგურებენ! იტყვიან, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები, რომ საზოგადოებისთვის სამაგალითო მოქმედებების ნაცვლად უღირსი საქციელი ჩავიდინეთ.

– გარსევან, შენ ცნობილი მეცნიერი ხარ! ამას ვერ გაბედავენ, – იმეორებდა ქალბატონი ლოლა, – უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ოჯახი გამოიყენეს… ყველაფერი უნდა ვთქვათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნინოს გადასარჩენად!

კახაბერი ხან დედას უყურებდა, ხან – გარსევანს. ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე მოულოდნელად დადგებოდა წამი, როცა იმის თქმა მოუწევდა, რაც არ იცოდა, როგორ უნდა ეთქვა, რადგან მისთვის ოჯახი თითქოს არასოდეს იყო სასაუბრო ადგილი. თითქოს მშობლებს  სალაპარაკოდ არც გაეჩინათ… მშობლები მხოლოდ მზრუნველი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც შვილების საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე უნდა ეფიქრათ. მათ შეეძლოთ მოეტანათ სახლში ყველაფერი, რასაც კი შვილები მოისურვებდნენ – ქვეყანაში უბრალო ადამიანებისთვის მიუწვდომელი საყოფაცხოვრებო ნივთები. მაგალითად, გრამფირფიტები – ძველი კლასიკოსი სამუელ კაპრიკორნუსით დაწყებული, ქულჯაზის თანამდროვე წარმომადგენლით, დეივ ბრუბეკით დამთავრებული; შეეძლოთ, პარიზიდან ჩამოეტანათ ლოტრეკის პლაკატების ასლები;  ოღონდ არ შეეძლოთ სიმართლის ლაპარაკი…  აი, ახლაც, ყველა სარკმელი დახურეს,  ყველაფერი ამოქოლეს, როცა სიმართლეზე ლაპარაკი მოუწიათ…

– რატომ გგონიათ, რომ ნინო ვერ ათვითცნობიერებდა, რატომ გგონიათ, რომ ვიღაც სხვა ხვდებოდა და ჩვენ არაფერი ვიცოდით! მე ნინო ყოველთვის მიზიარებდა თავის აზრებს, – წამოიწყო გარსევან აბამელიქის ვაჟმა. – ნინო სულ მელაპარაკებოდა რუსებზე, საქართველოში მათ შემოჭრაზე, ჩვენს დაპყრობაზე. ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის საზეიმოდ აღნიშვნა ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოა!

– რას ლაპარაკობ, – შეაწყვეტინა გარსევან აბამელიქმა, – ეს უგუნურებაა! ამ უგუნურებაზე მხოლოდ ის უპასუხისმგებლო ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო, რუსეთთან  ტრაქტატზე ხელი რომ არ მოგვეწერა! რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, საქართველო აღარ იარსებებდა…

– და ახლა ვარსებობთ? საბჭოთა პროვინციად არსებობაა ჩვენთის არსებობა?

– შვილო, გეორგიევსკის ტრაქტატის გარეშე ქვეყანა სახელწოდებასაც დაკარგავდა! ერეკლე ძლიერი მეფე იყო, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა! ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო გეორგიევსკის ტრაქტატი!

– სულაც არ იყო ასე, – არ ცხრებოდა კახაბერი. რუსებმა წააქეზეს აღა მახმად ხანი, რათა თბილისი აეოხრებინა და რუსებს საბოლოოდ გაიოლებოდათ ქართლ-კახეთის სამეფოს დამორჩილება. იმპერიული რუსეთის პერიოდის არქივებში მიმოწერაც არსებობს, სადაც რუსეთის იმპერატორი თბილისზე გალაშქრების სანაცვლოდ ფინანსურ საზღაურსაც კი ჰპირდებოდა შაჰს!

– საიდან იცოდა ეს ნინომ? იცი, რა სასჯელი ელის ამ ყველაფრისთვის მას?

– ცოდნაა დანაშაული? და, ის რაც ვიცით, საკმარისი არ არის, რომ ხმა ამოვიღოთ!

ქალბატონი ლოლა ისევ ოთახს ათვალიერებდა, სადმე რამე ხომ არ დამრჩა ღიაო, საიდანმე ხომ არ გაჟონავდა ის ხმა, რომელიც საბედისწერო შეიძლება გამხდარიყო მისი ოჯახისთვის. კახაბერი კი განაგრძობდა:

– რუსეთის იმპერია ფართოვდებოდა. მას შემუშავებული ჰქონდა ახალი ტერიტორიების დაპყრობის სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგიები. ერეკლე მეფე აიძულეს, გაეფორმებინა გეორგიევსკის ტრაქტატი. კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ კი ყველა აჯანყება, საბოლოოდ, რუსებმა ისევ ქართველების ხელით ჩაახშეს!  რუსები ყოველთვის თავს გვახვევდნენ  თავიანთ დაუნდობელ წესებს, როგორც იმპერიის, ასევე, საბჭოთა პერიოდში და მერე თავს ჩვენს გადამრჩენელებად ასაღებდნენ. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ გვაძახებინებენ, რომ რუსეთმა გვიხსნა. ნინო არასოდეს იტყვის, რომ პროკლამაციის ტექსტი მისი დაწერილი არაა! ვისი დაწერილიც უნდა  იყოს, ნინო ამ ტექსტის შინაარსზე უარს არ იტყვის!

ქალბატონი ლოლა გაოგნებული იყო.  კედლის თაროებზე ჩამწკრივებული წიგნები მექანიკურად ჩაათვალიერა. მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, კლასიკოსები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი სახელოვნებო ალბომები, რომელთა ხილვაც ბევრ ოჯახში არ იყო შესაძლებელი; აქ იყო ბიბლიოგრაფიული იშვიათობებიც; აქ ეწყო წმინდა მამათა ცხოვრებანი, ოთხთავი, საეკლესიო სამართლის ნორმები, ფსალმუნები ხუცურად და კატეხიზმოც კი, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც შვილებს ანტისაბჭოთა რიტორიკის ცდუნებებს აღუძრავდა.

– რუსები ვერ იტანენ თვისუფლების ვერანაირ გამოვლინებას, – განაგრძობდა კახაბერი, – ისინი მზად არიან, სიმართლისთვის სული ამოგვხადონ! ეს ჩვენ ვიცოდით! ნინომ ეს იცოდა!  -თქვა კახაბერმა და ოთახის გასასვლელისკენ გაემართა, – თქვენ კი ყველაფერს ისე გვიკეთებდით, ისე გვასწავლიდით, რომ სიმართლე დაგემალათ, -ამბობდა და ოთახიდან გადიოდა.

 

კახაბერის ოთახიდან გასვლის შემდეგ პატივცემული გარსევანი დიდხანს არ დგებოდა, როდის-როდის ადგა და მეუღლესთან მივიდა, რომელიც ისევ წიგნების თაროებიან კედელს მისჩერებოდა და ცრემლები სდიოდა.

– მე ვერც კი ვიგრძენი, როდის ამოევსოთ ჩვენს შვილებს თავები  ამ ყველაფრით, – უთხრა მან მეუღლეს. გარსევანი ფიქრობდა, რომ მეუღლისთვის ახლა მხოლოდ დამამშვიდებელი სიტყვები უნდა ეთქვა. არ უნდა ელაპარაკა იმაზე, რომ მალე შეიძლება მეორე შვილის დაპატიმრების საფრთხეც რეალობად ქცეულიყო.  ყველაფერს კარგად გააზრება სჭირდებოდა. – ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, ჩვენ გადარჩენის ფორმულით ვმოქმედებდით, მაგრამ გადარჩენის მექანიზმი ჩვენი შვილების ცნობიერებაში სათანადოდ არ ჩავნერგეთ, ვფიქრობდით, მათ ეს აღარ დასჭიდებოდათ, რადგან გვეგონა, რომ ისინი უკვე გადავარჩინეთ და მომავალში გადარჩენის ფორმულა თავისთავად იმოქმედებდა! ასე გვეგონა?! ამ აზრზე ვიყავით მორგებული?! – ვეღარც გრძნობდა გარსევან აბამელიქი, თავისთვის ფიქრობდა თუ ხმამაღლა ლაპარაკობდა. – არ ვიცი, ამას სისტემა არ გვაპატიებს თუ ისტორია! ნინოს ამ გამხდომას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი პასუხი… სისტემა ყველაზე დაუნდობელი მეთოდებით დაგვიპირისპირდება! ახლა ზევახ გაგიშვილები გაგვასამართლებენ, მერე სხვა ზევახ გაგიშვილები განგვსჯიან და როგორც ისტორიული დამნაშავეების დამმარცხებლები, ისე გააგრძელებენ ცხოვრებას.

ნეტავ რას ფიქრობ, გარსევან, არაფერი მესმის!  თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობ, თუ ნინოს გადასარჩენად ვერაფერს იტყვიო, სრულიად უიმედოდ ამბობდა თუ საკუთარ თავს ეუბნებოდა ქალბატონი ლოლა.

დღეიდან ჩვენს კედლებს ყურები ექნება, ალბათ ყველაფერს მოგვისმენენ, – ფიქრობდა პატივცემული გარსევანი, – თუ დაადგინეს პროკლამაციის ტექსტის ავტორები, შეიძლება კახაბერიც დააპატიმრონ. ნინო თუ ვერ გატეხეს, შეიძლება, ფსიქიატრიულში გადაიყვანონ…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15