შეხვედრა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში
ცეკას შენობაში მოსკოვიდან ჩამოსული შუახნის მამაკაცი, სკკპ ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი ამხანაგი გლებ ეფრემოვიჩი მუქი ლურჯი კოსტიუმით და წითელ ჰალსტუხიანი თეთრი პერანგით მაგიდის ერთ მხრეს იჯდა. მეორე მხარეს პარტიის და უშიშროების კომიტეტების რამდენიმე ადგილობრივი მაღალჩინოსანი მისხდომოდა. მათ შორის იყო გამომძიებელი ზევახ გაგიშვილიც. მაღალი პარტიული სტუმარი ოფიციალურად, რესპუბლიკაში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების განსახილველად იყო ჩამობრძანებული, თუმცა, დღის წესრიგში მესამე საკითხად ახლახან გამოვლენილი ანტისაბჭოთა ინციდენტიც იყო შეტანილი.
– ამხანაგებო, პარტიას ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა კეთილსინდისიერება და ერთგულება. ჩვენ მათდამი ნდობა არ დაგვიკარგავს. პირიქით, ყველამ ვიცით, რომ სწორედ უშიშროების სამსახურმა აღკვეთა ანტისახელმწიფოებრივი სამართალდარღვევა, – თქვა გლებ ეფრემოვიჩმა, როცა დღის წესრიგის მესამე საკითხზე გადავიდა. – დიახ, უშიშროების კომიტეტი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან უსუსურად გამოიყურება პარტიული სტრუქტურები, მათი იდეურ-პოლიტიკური საქმიანობა, როდესაც ჩვენს თვალწინ, ჩვენს თვალსა და ხელს შუა კომუნისტური და სოციალისტური ამოცანებით დახუნძლულ ყოველდღიურობაში ვიღაც ბედავს და ჩვენი საზოგადოების უწმინდეს ღირებულებებს ლახავს, არღვევს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ საბჭოთა მოქალაქის ღირსებას! და რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ, კომუნისტური პარტიის წევრები? ვემსგავსებით ძველი არბატის ერთ-ერთ რომელიმე კაფეში მოკალათებულ ГИК-ის გრძელთმიან სტუდენტს, აღმოსავლეთ ევროპელი გადამყიდველებისგან შეძენილი ჯინსის შარვლით რომ მატრაკვეცობს! ამხანაგებო, ეს ქვეყანა კომუნისტებმა ჩვენამდე სისხლით და შრომით მოიტანეს! – ბოლო სიტყვებზე ამხანაგმა გლებ ეფრემოვიჩს ტუჩებიც კი აუთრთოლდა. – რას არ მოიმოქმედებენ იმპერიალიზმის მაშხალები, რომ ასეთი ინციდენტები მსოფლიოს ჩვენი სახელმწიფოს სისუსტედ შეასაღონ! დაუშვებელია ჩვენი პასიურობა და ინერტულობა,პარტიის დავალებაა, რომ დადგინდეს ამ გოგონას ყველა თანამზრახველი და იდეური მხარდამჭერი. ანტისაბჭოთა ელემენტები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, დარწმუნებულნი ვართ, უშიშროების კომიტეტში კარგად ათვითცნობიერებენ, რა მნიშვნელობა აქვს ყოველი ანტისაბჭოთა გამოხტომის აღკვეთას, თითოეული მონაწილის სამაგალითოდ დასჯას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვინდა ამ საქმეების გახმაურება. გამოძიებამ და სასამართლომ შეზღუდული კონტიგენტის პირობებში უნდა ჩაიაროს. მაქსიმალურად ნაკლებმა ადამიანმა უნდა შეიტყოს ამ საქმის შესახებ. და, თუ ვინმე მაინც შეიტყობს რამეს, მათთვის ეს უნდა იქცეს პოლიტიკურად და საზოგადოებრივად მოუმწიფებელი ელემენტების მონაჩმახად, რაღაც სიბრიყვედ, რომელსაც მომავალი არ უწერია!
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ საქმეში გარეულია ცნობილი საბჭოთა მეცნიერი. ოჯახი, რომელსაც ეკისრებოდა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც კი განემტკიცებინა და გაევრცელებინა საბჭოთა იდეები, საკუთარ ოჯახში გამოზარდა ანტისაბჭოთა პარაზიტი…
ამჯერად ჩვენ მას არ გავკიცხავთ, რადგან მას მთელი მსოფლიოდან გამოუჩნდებიან დამცველები, მაგრამ დაუსჯელი რომ არავინ უნდა დარჩეს, დარწმუნებულნი ვართ. ეს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული შესაბამის სტრუქტურებს! – თქვა ამხანაგმა გლებ ეფრემოვიჩმა. – პარტიამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ერთი მხრივ, დამნაშავეთა ბუნაგის გამოსატრუსად და, მეორე მხრივ, სახის შესანარჩუნებლად, იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ ანტისაბჭოთა ელემენტები ვერასოდეს ვერაფერს დააკლებენ მშრომელი ხალხის სისხლით და ოფლით ნაშენებ დიად სამშობლოს.