თეატრის მსახიობი ხელმოწერების ინიციატივით
საღამოხანი იდგა, როცა გარსევან აბამელიქს ოჯახის ახლობელი, თეატრის ცნობილი მსახიობი ესტუმრა.
ნინოს დაპატიმრებიდან მოყოლებული ქალბატონი ლოლა განუწყვეტლივ იღებდა თანადგომის სიტყვებს. ყველას სურდა გამოეხატა თავისი გულისტკივილი ნინოს დაპატიმრების გამო. რა თქმა უნდა, ისინი ამას ხმადაბლა, თითქმის ჩუჩულით აკეთებდნენ. ხან ეუბნებოდნენ, რომ გულწრფელად ვერ იჯერებდნენ ნინოს მონაწილეობას ამ ანტისაბჭოთა გამოხდომაში და ხან ამბობდნენ, რომ იგი გამოიყენეს მისი გულუბრყვილობისა და მიმნდობი ბუნების გამოისობით. ქალბატონი ლოლა თანდათან რწმუნდებოდა, რომ სტუმრების მიერ გამოთქმული თანაგრძნობა, ერთი მხრივ, მართლაც ანუგეშებდა და შვებას ჰგვრიდა მის აფორიაქებულ გონებას, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი სიტყვები არანაირ დამაიმედებელ შინაარსს არ შეიცავდა და ნინოს გამოხსნის არანაირ პერსპექტივას არ იძლეოდა. ამიტომ, როცა მსახიობმა სტუმარმა ხელმოწერებზე დაიწყო ლაპარაკი, რომელშიც შეიძლებოდა ქვეყნის ინტელიგენცია და სახელოვნებო წრეები ჩართულიყვნენ, ქალბატონ ლოლას ლანგარზე დაწყობილი ჩაის სერვისი ლამის ხელიდან გაუვარდა. წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა, ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და სკამზე ჩამოჯდა. ოჯახის ახლობელი მსახიობი ამბობდა, რომ უნდა შეედგინათ ტექსტი, სადაც აღწერილი იქნებოდა გარსევან აბამელიქის დამსახურებები, ასევე ისიც, რომ იგი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შვილების აღზრდას, მათ საბჭოთა სამშობლოს პატრიოტებად, ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიდა. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან გადმონაშთები, რომლებიც ახდენენ გავლენას კარგად აღზრდილ წესიერ ახალგაზრდებზე და იზიდავენ, აცდუნებენ, თავს ახვევენ დრომოჭმულ, ანტისაბჭოურ აზროვნებას, რომელიც ათწლეულების წინათ ჩაბარდა ისტორიას. ტექსტში უნდა შევიტანოთ ისიც, რომ ახალგაზრდა თაობის ბევრი წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ხიფათის წინაშე. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვტაცოთ ნინო ამ საფრთხეებს, დავაყენოთ სწორ გზაზე და დავანახოთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს, რომ ვერ აცდუნებენ ახალგაზრდა თაობას, რომ მათი ბრძოლა განწირულია დამარცხებისთვის.
– ეს ნამდვილად შესაძლებელია? ნამდვილად მოაწერენ ხელს კულტურის მუშაკები? და მეცნიერებიც მოაწერენ? – კითხვას კითხვაზე სვამდა ქალბატონი ლოლა და პასუხად იღებდა, რომ არაერთი ხელოვნების მუშაკი იყო მზად, თანადგომა გამოეხატა პატივცემული გარსევანისთვის. რომ უკვე ჰქონდა მსჯელობა ინტელიგენციის არაერთ წარმომადგენელთან და ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ აბამელიქის ქალიშვილის მხარდაჭერისთვის.
გულში იმედჩასახული ლოლა სტუმარს მთელი გულითა და სულით სთავაზობდა ჩაის ხან ლეღვის, ხან ვარდის მურაბებით. გონებასა და სხეულში სინათლე და სითბო ეღვრებოდა. ფიქრობდა, რომ ცენტრალური კომიტეტი აუცილებლად გაითვალისწინებდა ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანების შუამდგომლობას.
– მე მგონია, რომ ნინოს გათავისუფლებას კომიტეტი კანტორის გარეშე არ გადაწყვეტს, – თქვა გარსევან აბამელიქმა. კანტორას კი მხოლოდ ნინოს თანამზრახველების გამოვლენა ადარდებს.
– ბატონო გარსევან, ჩვენ უნდა ჩამოვაყალობოთ შუამდგომლობა, ჩავრთოთ მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები, მივცეთ კომიტეტს ნინოს გათავისუფლების შესაძლებლობა. ნინო ნებისმიერ ფასად უნდა გამოვიხსნათ, ჩვენ ახლა მისი გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.