წერილი გუბერსკის ციხეში
ძვირფასო მირზა ამირ ზადე, ჩემთვისაც მოულოდნელობებით სავსეა თქვენი წერილი. არასოდეს მიგრძვნია ასეთი თავგანწირულობა – ჩემს გვერდით ყოფნის ასეთი მძაფრი სურვილი. მეც გამუდმებით ვკითხულობ და მერე გონებაში განუწყვეტლად მიმეორდება თქვენი ფრაზები ამაღლებული მეტამორფოზების და გრძნობების აფორიაქების შესახებ. ლამაზი წიგნების გმირები რომ ლაპარაკობენ მარადიულ ღირებულებებზე და საკუთარი თავი გინდა წარმოიდგინო მათ ადგილზე, ისეთი შთაბეჭდილებები მიჩნდებოდა ყოველი წინადადების ამოკითხვისას. მეც უძვირფასეს მოვლენად აღვიქვამ თქვენს ამ წერილს ჩემს ცხოვრებაში, იმის მიუხედავად, შევხვდებით თუ არა ოდესმე ერთმანეთს.
არც ვიცი, უნდა ვიყო თუ არა ასეთი გულახდილი, მაგრამ თქვენი წერილის შემდეგ, ალბათ, ყოველდღე დაველოდები საკნის ცხაურზე გაჟღერებულ სამმაგ კაკუნს და კანაფით ჩამოშვებულ წერილს, რომელშიც ისევ ამოვიკითხავ იმ გამონათქვამებს, აქამდე მხოლოდ წიგნებისთვის დაწერილი რომ მეგონა, მაგრამ მირზა ამირ ზადე, იმის მიუხედავად, რომ სამყაროში მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მთავაზობს გაქცევას და გადარჩენას, ამ ერთადერთ ადამიანსაც მხოლოდ ერთი პასუხი უნდა გამოგიგზავნო: ჩემი პატიმრობა ჩემი პასუხისმგებლობაა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი აზრები სამართლიანია და ეს აზრები მომდინარეობს ღირებულებებიდან, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ!
მე გაქცევას არ ვაპირებ, გაქცევით არ შევლახავ იმ ღირებულებებს, რისთვისაც მზად ვიყავი პატიმრობისთვისაც. მოვა დრო და ჩვენ მოვიპოვებთ თავისუფლებას ერთად და არ მინდა გაქცევით შევბღალო იმ თავისუფლების ფასი, რომელიც ჩვენ ყველას გვეკუთვნის. არ მინდა, რომ გაქცევით მოვიპოვო თავისუფლება! მინდა, რომ ყველანი ისე გავთავისუფლდეთ, რომ თავისუფლებისთვის გაქცევა აღარ გვესაჭიროებოდეს…
დიდი პატივისცემით,
ნინო აბამელიქი