ზევახი და ნინო
ზევახ გაგიშვილი ნინოსთან საგულდაგულოდ მომზადებული მიდიოდა. ყოველი კითხვა ზედმიწევნით ჰქონდა დამუშავებული და ყველა სავარაუდო პასუხის შესაფასებლად იყო მზად. გამოძიება მას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა – რესპუბლიკაში გაღვივებული ანტისაბჭოთა წარმონაქმნები უნდა გამოევლინა.
კანტორას, ერთი მხრივ, იმის გაგონებაც არ უნდოდა, რომ რესპუბლიკაში ანტისაბჭოთა მოძრაობის თუნდაც ჩანასახი არსებობდა, მაგრამ ახლა გამოძიება მხოლოდ ნინოზე ვერ შეჩერდებოდა. საბჭოთა მეცნიერის ოჯახის კეთილდღეობაში გამოზრდილი გოგონას ბოროტი დანაშაულებრივი მოქმედებები მის პირად ანტისაბჭოთა ახირებად ვერ გასაღდებოდა და ეს ვერსია არ დააკმაყოფილებდა არც მოსკოვის და არც კანტორის ჭკუის სწავლების თუ შურისძიების პათოსით გაჟღენთილ მოლოდინებს.
ზევახ გაგიშვილს უკვე ჰქონდა რამდენიმე ჩანაფიქრი, თუ როგორ უნდა გამოევლინა ის ადამიანები, რომლებმაც ნინო ანტისაბჭოთა საქმიანობაში ჩართეს. ცხადია, ნინოს გარემოცვიდან ახლა ყველა ფრთხილად იქნებოდა. ამიტომ, ინფორმაციის წყაროები ისე უნდა დაედგინა, რომ ვერავის ეგრძნო, ვერავის წაეკითხა გამოძიების ჩანაფიქრები. ამ ყველაფერს გულმოდგინედ აანალიზებდა ზევახ გაგიშვილი, ფიქრობდა იმაზეც, რომ ყველანაირად მოზომილი და ფრთხილი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებული თავშეკავება გამოეჩინა და თვალი არ წაცდენოდა ნინოს მშვენიერებისადმი. არა, არასდროს თავში აზრადაც არ გაუვლია ზევახ გაგიშვილს, რომ პირად გრძნობებს სამსახურეობრივ საკითხებში აურევდა. არც უფიქრია, რომ ნინოს მომხიბლაობა რაიმე კორექტივებს შეიტანდა მისი მოვალეობების შესრულებაში…
– ნინო, ჩვენ დავკითხეთ იმ საცხოვრებელი სახლის მობინადრეები, რომლის საფოსტო ყუთებშიც პროკლამაციებს ყრიდით. რამდენიმე მოქალაქემ დაგვიდასტურა, რომ შეგნიშნეს, ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდი. ეს ჩვენებები საქმეშია და ეჭვი აღარავის ეპარება, რომ თანამზრახველები გყავს. ისინი შენი დაკავების შემდეგ მიიმალნენ. ადვილი შესამჩნევია, რომ მათი ვინაობების გამჟღავნებას თავს არიდებთ. რა თქმა უნდა, საერთოდ, ჩვენ ყველანი იმ დაუწერელი მორალის ტყვეობაში ვართ, რომ თანამებრძოლი თუ თანამზრახველი ადამიანმა არ უნდა გაწიროს. ამიტომ, მე მესმის შენი თავდადებაც, მაგრამ თუ ყველაფერს უფრო ფართოდ შევხედავთ, პირიქით, მათ გაგწირეს. შენივე ენით რომ ვთქვათ, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ადამიანები ერთმანეთს არ უნდა წირავდნენ. დისიდენტები, პოლიტიკური მეამბოხეები მაღალ მორალურ სახეს უნდა ავლენდნენ. მათ კი, უბრალოდ,გიღალატეს და თქვენგან ახლა მორალური სახის შენარჩუნების მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ, შენს მსჯავრზე იმოქმედებს უარყოფითად. და თან როგორ ფიქრობ, მათ ვერ ვიპოვით? რა თქმა უნდა, ვიპოვით. და, ვერც იმის მტკიცებას დაიწყებს ვინმე, რომ მათი პოვნა შენი დახმარების გარეშე მოვახერხეთ…
– მოქალაქე გამომძიებელო, არ ვიცი, როგორ მუშაობთ და რას მიაღწევთ თქვენი ყოვლისშემძლეობით, მარამ თუ ვინმეს ვინაობის შეტყობა ჩემგან გსურთ, ეს უბრალოდ, აკნინებს ჩემს წარმოდგენას თქვენს შესაძლებლობებზე! და, საერთოდ, რატომ გგონიათ, რომ ვინმეს დაფარვას ვცდილობ? ხომ გითხარით უკვე, რომ პროკლამაციაში ჩემი საკუთარი შეხედულებები, ჩემი ნააზრევი ეწერა?!
– მეც უკვე გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ დაკითხვის უხეშ მეთოდებს. ჩვენ უარი ვთქვით სასტიკ მოპყრობაზე, რადგან თანამედროვე საშუალებები გვაქვს გამოძიებისთვის. ჩვენთან თანამშრომლობა მხოლოდ თქვენი სასჯელის შემსუბუქების საშუალებაა, თქვენი თანამზრახველების ვინაობის დადგენა კი მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ თითქმის სრულად ამოვიღეთ საფოსტო ყუთებში ჩაყრილი პროკლამაციები. მათმა უმრავლესობამ ვერ მიაღწიაადრესატამდე. უფრო მეტიც, იმ სისულელისა, რაც თქვენს პროკლამაციაში ეწერა, მოსახლეობას არ სჯერა. ჩვენ გამოვკითხეთ ის რამდენიმე ადამიანი, რომელმაც თქვენი ტექსტის წაკითხვა მოასწრო, ყველა მათგანმა დაგვიდასტურა, რომ არ ეთანხმებოდნენ ტექსტის შინაარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გყავთ მომხრეები. თქვენს აზრებს მოქალაქეები ბოდვად აღიქვამენ.
– მაშ, რატომ არ მიეცით დანარჩენებს ჩემი ტექსტის წაკითხვის შესაძლებლობა, თუ მართლა მიგაჩნიათ, რომ ის ბოდვა იყო? ადამიანები სიმართლეს არ გეუბნებიან! თქვენ ეს კარგად იცით, მოქალაქე გამომძიებელო! – ამბობდა ნინო და ცდილობდა, რომ სიტყვები ისეთივე სითამამით გამოეთქვა, როგორი გულწრფელობითაც ამბობდა. თავისი ანტისაბჭოთა შეხედულებების სისწორის კი არა, დამკვიდრებული საბჭოთა აზროვნების მანკიერება უნდოდა დაენახვებინა. – ზუსტად ისევე არ გეუბნებიან ადამიანები სიმართლეს, როგორც თქვენ არ ეუბნებით მათ! მაგრამ ამ საპასუხო ნაბიჯით შურს კი არ იძიებენ, უბრალოდ, თავს იცავენ, რადგან თქვენ მათ სიმართლეს თქვენი ძალაუფლების დაკარგვის შიშით უმალავთ, ისინი კი თავისუფლების დაკარგვის შიშით გიმალავენ სიმართლეს! თავისუფლების დაკარგვა თითოეული ადამიანისთვის ტრაგედიაა, თქვენი ძალაუფლების დაკარგვა კი მილიონობით ადამიანისთვის ბედნიერება იქნებოდა! თქვენ ძალაუფლების დაკარგვის გეშინიათ და ამიტომ თქვენი შიში აგრესიულია, ადამიანების შიში კი ბუნებრივი და კეთილშობილურია, რადგან შიშს მათში თავის გადარჩენის ინსტიქტი აღძრავს! თქვენ იტყუებით, ადამიანები კი არ იტყუებიან, უბრალოდ სიმართლეს გიმალავენ. რადგან თქვენთვის გამჟღავნებული ყოველგვარი სიმართლე საშიში და საბედისწეროა!
– არა, ამ გოგოს თავზე ხელი აქვს აღებული, – ფიქრობდა ზევახ გაგიშვილი. ასე, ამ მკვეთრი და გამაღიზიანებელი ფრაზებით ცდილობს, მთელი ყურადღება მის გამონათქვამებზე გადავიტანო, მისი გამონათქვამები ვაქციო ბრალდების საგნად. სხვაგან მიმათრევს ეს გოგო. უნდა, დამაშოროს თავის თანამზრახველებს, ანტისაბჭოთა ბუნაგს შორს გამაცილოს… ვერც კი ხვდება, რომ მისი გამონათქვამები კი არ მაბნევენ, მისი სხეულის, მისი ნაკვთების, მისი მზერის მომხიბლავობის გაძლება მიჭირს… ისე, რა ჯობია, ეგონოს, რომ აზრებით მომიგო, თუ იფიქროს, რომ მის სილამაზეს, მისი სხეულის მიმზიდველობას ვერ გავუძელი?!