ნიკოლოზობას გილოცავ ნიკო

 

ფანჯარასთან ვდგავარ და ჩემთვის

მთელი გულით

ნიკოლოზობას გილოცავ ნიკო ბუთხუზა ბიჭო

სკოლიდან დაბრუნებული კორპუსის ეზოში რომ შემოაბიჯებ

საკუთარი ბინის აივნისკენ ამოიხედავ

რადგანაც გშია

ნიკოლოზობას გილოცავ ნიკო

ოდნავ ელამო დედაშენივით

მამაშენივით შოფრობა გინდა

რადგან ის მუხლებზე და საჯდომზე გამობერილი შარვლით

ყველაზე მაგარი კაცი გგონია ამქვეყნად

ყველაზე ჭკვიანი რაკი ძალიან კომპეტენტური სახით

მსჯელობს ხოლმე ეზოს კაცებში პოლიტიკაზე

და თავს ყველგან შინაურულად გრძნობს

ნიკოლოზობას გილოცავ ნიკო

ვერც კი ამჩნევ რომ დედაშენს ლამაზ ქალს

ლამაზთვალებას

ცოტა არ იყოს ცარიელი აქვს მზერა

და ფეხსაცმლის ქუსლებს

ალმაცერად ცვითავს

სევდისმომგვრელად

ნიკოლოზობას გილოცავ ნიკო

შარშან ამ დროს ციოდა ძაან

ახლა კი უჩვეულოდ თბილა

ნიკოლოზობას გილოცავ ნიკო

მეზობლის ბიჭო

იქნებ ასეც კი იყოს

წუთისოფლის სტუმარმა ყველგან

თავი ისე უნდა იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში

იქნებ ეს სამყარო მხოლოდ ტკბობისთვის გვეძლევა ყველას

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16