სამსახურში ვარ საცაა სადილობის დროც მოვა

 

ჩემი თანამშრომელი ქალის

დედას ბავშვობაში ეგონა თურმე

რომ ამქვეყნად სამყაროსავით

ბებერი მხოლოდ ერთი ქარი

დაქროდა რომელიც დედამიწას

გარს უვლიდა და ყველას იცნობდა

ყველა ახსოვდა

ახსოვდა ხეები რომლებსაც ტოტებში

გაეხლართა და ის ქუდებიც

ქუჩაში მიმავალ ადამიანებს

რომ გამოსტაცა

ვინ იცის იქნებ ასეც კი იყოს

 

ჩემი თანამშრომლის დედა ახლაც დიდი ბავშვია

და მხოლოდშობილს სამსახურში

ღვეზელებს ატანს

სადილობის დროს კი ტელეფონით შეახსენებს

რომ მიირთვას სხვა რა საქმე აქვს

დილიდან დაღამებამდე ფეისბუკზე ალაიქებს

ჩვენს ფოტოებს ჩვენს პოსტებს

რომ მერე სამაგიერო მივუზღათ

მის შინაბერა გოგოს

 

 

ორიოდ სიტყვა სიკვდილზე

 

გვიკვდებიან ისინი ვინც გვიკვდებიან რომ დაგველოდონ

და როცა ჩვენც ვეახლებით იქ იმქვეყნად ერთად ვუყუროთ

ჩვენს დაკრძალვაზეც როგორ შეიყრებიან ასევე ერთად დიდი ხნის

უნახავი მეგობრები ან უბრალოდ ნაცნობები მათი წასვლის შემდეგ კი

ჩვენს საფლავთან იქვე ხეზე როგორ შემოჯდება შაშვი

და ჭახჭახით გადასძახებს მეწყვილეს ან უბრალოდ იმ დღეს

გაცნობილ ამხანაგს და მერე ჩვენც უკვე მკვდრები დაველოდებით

იმათ ვის საფლავთანაც იქვე ხეზე ან სხვა საფლავის ღობეზე

უნდა შემოჯდეს შაშვი და ჭახჭახით გადასძახოს მეწყვილეს

ან უბრალოდ იმ დღეს გაცნობილ ამხანაგს და მთელი ეს სცენა

იქნება დამაფიქრებელი იმათთვის ვისაც ფიქრი უყვარს

ადამიანის ყველა ფიქრი კი საკუთარ სიკვდილთან მიდის

როგორც უძღები შვილი მშობელ დედასთან

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16