საყვარლები

 

სანამ აბორტზე საერთო გადაწყვეტილებას მივიღებდით

ბლომად ყავა მივირთვით მთელი შენი სამზარეულო

სიგარეტის კვამლშიც გავხვიეთ

მერე შენ გზას გაუყევი ბებიაქალისკენ

არც ისე შორს მეზობელ უბანში იქიდან დაბრუნებული კი

დიდხანს იწექი საწოლზე ფარშავანგიანი გადასაფარებლით

კედლისკენ პირშექცეული დუმდი

და მარტოხელა მამის ზარებსაც არ პასუხობდი

არც ეწეოდი შენი სიგარეტის კოლოფს აბეზარი

ბუზი აჯდებოდა აშკარად გრძნობდა რომ არავის

სცხელოდა მისთვის

როგორც შენი საშო ცარიელი იყო ჩვენი სიტყვებიც

საღამოს ჩაის სმისას რომ წარმოვთქვით შენ კი

გულში წყევლიდი იმ დღეს როცა ერთმანეთს შევხვდით

მოვა ზაფხული და ალბათ მაინც წავალთ

ზღვაზე სადაც ისევ გაიბრწყინებ შენი თეთრი

მოქნილი სხეულით ყოველგვარი ცელულიტის გარეშე

დღეში ორ პორცია პლომბირს მაინც მიირთმევ

დილაობით ჩემს გაღვიძებასაც შეეცდები

რომ ერთად ვუცქიროთ ზღვიდან მზის ამოსვლას

და ბოლოს გაიზმორო ახალგაღვიძებული

ბავშვივით ვისაც მხიარული მატარებელი ესიზმრა

ხოლოდ მზის ჩასვლამდე მამაშენსაც დაურეკავ

ჯერ კიდევ ბავშვობაში რომ მიგატოვა

დედაშენის დაკრძალვაზე კი მთვრალი გამოცხადდა

ჰალსტუხიც განზე მოქცეოდა

მაგრამ მაინც აპატიე ყველაფერი

რადგან ასეთი იყო დედაშენის უკანასკნელი ნება

ჩვენ საყვარლები გვქვია

ქალაქის ცენტრთან ცხოვრობ და შენი სახლის წინ

ყოველ დილით ქუჩას რწყავენ და გვიან

ახალთახალი მანქანით

ერთხელ წვიმაშიც კი მორწყეს

და ამის სანახავად რომ გაგეღვიძებინე

დიდხანს მანჯღრიე

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16