ჩვენ ხომ ერთ დროს წყალს ერთად ვასმევდით თვალებს

 

შუა ქალაქში ავტობუსის ფანჯრიდან ვნახეთ

როგორ ეკიდა ცეცხლი სხვა ავტობუსს

ჩვენი ავტობუსის შოფერმა კი უცებ

პირჯვარი გადაისახა საწყალი შოფერი თქვი შენ საღამოს

როცა ხარჩოს მიცხელებდი მინდოდა მეკითხა

რომელი მათგანი იგულისხმე დაზარალებული

თუ მის მაგივრად შეშინებული მაგრამ

ეს შენი ტელეფონის ზარმა გადამავიწყა მაშინ

დედაშენმა გითხრა რომ მოგიკვდათ ნათესავი შორეული

მაგრამ გულისხმიერი ვინც საკუთარი ზურგით  გასეირნებდა

როცა ბავშვი იყავი ღმერთო ჩემო თქვი შენ იმ შოფერივით

მერე ტელეფონი მარცხენაში გადაიტანე და პირჯვარი გადაიწერე

ჩვენ ვნახეთ ერთხელ როგორ წაჩხუბდნენ ქუჩის ძაღლები

ამათ მაინც რა ვერ გაიყვეს თქვი შენ

ალბათ ძუკნა მიუგე უცებ საკუთარ თავს

იმ დღეს შენ იმიჯი გქონდა გამოცვლილი

თმები მოკლედ შეჭრილი

და ტანზე მომდგარი თეთრი პერანგიც გეცვა

რაც ძალიან მოგიხდა სახეზე

ამაყი მიაბიჯებდი ქუჩაში მკერდი წინ გამოგებზიკა

გულუხვად უწყალობე ხურდა მათხოვარ დედაბერსაც

რომელიც იქვე იდგა შემთხვევით მოისმინა შენი ნათქვამი

გაეღიმა და მერე ერთ კვირაში სახლშიც მოგვადგა რადგან

ჩვენს კორპუსში კარდაკარ დადიოდა თურმე გიცნო და დაგვლოცა

მანამდე კი დარწმუნდა რომ მე ისევ ის ვიყავი

ვინც მაშინ გახლდა რომ არ გამოგეცვალა პარტნიორი

ეი პარტნიორო მეტყოდი როცა ფეხბურთს ვუყურებდი

შენ კი გინდოდა სხვა არხზე გადაგერთო ჰოდა ვნახეთ კიდეც

ვიღაც კენიელი წყალმზიდ მანქანასთან ამაყად გამოჯმიგული ის

თურმე კვირაში ერთხელ წყალს უსხამდა პატარა ტბორში აფრიკის

ველური სამყაროს ფაუნის წარმომადგენლებს

უფრო მტაცებლებს რადგან აბა პატარა ცხოველები

მათი თანდასწრებით იქ როგორ გაბედავდნენ მისვლას

ჩვენ ვნახეთ ერთხელ სუპერმარკეტში როგორ გამოთათხა

მისმა უფროსმა მოლარე ქალი რომელმაც თურმე იქ

შემთხვევით ნანახ ტყუპისცალი დის ყოფილ ქმარს

ვინც მისი დაიკო სხვა ქალში გაცვალა გემოზე მიაწყევლა

ერთი ბრაზიანი მზერით დაამშვიდე უფროსი სახლში კი აღმოაჩინე

რომ იქიდან მოტანილი პაშტეტი ყოფილიყო ვადაგასული

ძლივს დაგამშვიდე თორემ აპირებდი მაღაზიაში მისვლას

ერთი ამბის ატეხვას მამაშენის ქელეხზე ფანჯრიდან ჩვენ ვნახეთ ერთად

როგორ წამოვიდა ხვავრიელი იმ წელს პირველი თოვლი და როგორ

ჩაიარა ამ დროს გაკრიალებულმა მანქანამ

ქალაქის მერის ვისაც იმ საღამოს პირდაპირს ეთერში სახეზე

შეასხა წყალი არანაკლებ გაიძვერა ოპონენტმა

ჩვენ ერთად ბევრი რამ ვნახეთ შენგან

იმ მათხოვარი ჭკუამხიარული დედაბრის მიერ

ასე სათუთად ასე მსუბუქად წარმოთქმული შენი სახელი დამრჩა

სიცოცხლის ბოლომდე მძიმე ჯვარივით რომ უნდა ვზიდო

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16