ხიდიდან გადაფურთხება

 

მდინარეში

რომელმაც თავის დროზე

ქალაქი შობა გამოზარდა

და აქცია იმად როგორიც იყო

ხიდის მოაჯირის ცხაურში თავგაყოფილი

ბავშვები იფურთხებდნენ

კორპუსის ეზოდან გამოპარულებს გავდნენ

 

მდინარე კი მაშინ

ანუ ჩემი წარმოდგენით

სევდიანად იღიმოდა

როგორც ერთი ჩემი მეგობრის

ქვრივი დედა

როცა საყვარელმა შვილიშვილმა

საკუთარ ქმარს რომ აგონებდა

დიდი ხნის ნაგროვები პენსიით

წინა დღით ნაყიდი მაცივარი

ფერადი მარკერებით მოუხატა

 

 

რამდენიმე სიტყვა სცენების მოყვარულ მეზობელზე

 

ჩემს ბავშობაში ზედ ჩემს თვალწინ

შულერისთვის გაწიწმარტებული

ცოლის მიერ აივანზე

კარტივით სახეში შეყრილი

ორი სიტყვა საცოდავი აფერისტი

ქარმა დაბარებულივით

მომირბენინა თუმცა სხვები

გზაზე დაებნა

იდგა ახალგაზრდა ცოლისგან

შეურაცყოფილი ასაკშეპარული

ჩემი უბნელი შულერი მხრებაწურული

დამცირებული მერცხლების გაფრენის

დრო იყო

 

იდგა იმ ქარში

მხრებაწურული

შულერი რომელმაც მერე

კიდევ ერთი ახალგაზრდა

გამოიცვალა ცოლი

წინამორბედისაგან

განსხვავებით

აივანზე რომ არ უმართავდა

სცენებს არამედ

სახლში ბუხრის წინ

სიმყუდროვეში

სითბოში

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16