უხდება ჩემს სიმამრს მისი სასხლავი

 

ჩემი სიმამრის სასხლავი ახალივითაა

ზამთრობით კი არ ძინავს

გაზაფხულის მოლოდინში

უნებურად წათვლიმა თითქოს

ასეთივეთი ოღონდ მამაჩემის

როცა ბავშვი ვიყავი

ჩვენს ტალავერში საიდანღაც შემოხეტებული

საყვარლად ჩამრგვალებული გომბეშო მოვკალი

ვათვალიერე მისი ნაწლავები საოცრად თეთრი

მერე იქნებ მათი ხათრით

საფლავიც გავუთხარე ეზოს ბოლოში

და მიწას მივაბარე

 

ეს იყო დიდი ხნის წინათ

არც იყო თითქოს

ახლა კი ჩემი სიმამრის სასხლავი

მისი პატრონივით ისევ გაზაფხულს ელის

რა ვიცი იქნებ

ჩემი სიმამრი ვაზს მამაჩემზე უკეთ სხლავდეს

გადაწყვეტილად ვერაფერს ვიტყვი

რადგან კარგად არც მახსოვს

როგორ აკეთებდა ამას ჩემი ფიცხი მშობელი

სიცოცხლის ბოლოს საოცრად მელანქოლიური რომ გახდა

და თითქოს მხოლოდ იმიტომ

რათა მერე დედაჩემს მეზობლებთან ყოველდღე ეთქვა

სიკვდილის მოახლოებას გრძნობდაო

 

ახალივითაა ჩემი სიმამრის სასხლავი

ზამთრობით კი არ ძინავს

გაზაფხულის მოლოდინში

უნებურად წათვლიმა თითქოს

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16