რა ადვილი ყოფილა წარსული

მხოლოდ წამიერი მონატრების ტოლა

 

რომელიღაც ტროლეიბუსში

ფიზაღზრდის მასწავლებელს

მარადიულ ახალგაზრდას

სპორტდარბაზის გასაღები დაკარგვოდა

იდგა სკოლის ეზოში და დაბნეულად იღიმოდა

ფიზაღზრდის მასწავლებელს

ვისაც ულამაზესი ქალიშვილი ყავდა

ოღონდ ეპილეფსიანი

ცოლი კი დიდი ხნის წინ მოკვდომოდა

ინგლისურის ახალი მასწავლებელი უყვარდა

ფიზაღზრდის მასწავლებელს

მოვლილი ულვაშებით არწივის ცხვირით

მახვილი მზერით მოსწრებული ენით

ახალ ბურთებს მომავალი წლისთვის რომ უნახავდა

ბავშვებს სანამ სამსახურში მივიდოდა

ორი სხვადასხვა ტროლეიბუსი უნდა გამოეცვალა

მთელი ერთი საათის გზა ჰქონდა

ჰოდა ისიც ფიქრობდა ათას რამეზე

ერთ ტროლეიბუსში ნაფიქრს

მეორე ტროლეიბუსის მოლოდინში

გაჩერებაზე ასრულებდა

ზოგჯერ ცოლიც მოენატრებოდა

პირდაპირ გაჩერებაზე

მაგრამ ეს მანამ სანამ

ინგლისურის მასწავლებელს იხილავდა

 

ფიზაღზრდის მასწავლებელს რომელიღაც ტროლეიბუსში

სკოლის სპორტდარბაზის გასაღები დაკარგვოდა

იდგა სკოლის ეზოში და დაბნეულად იღიმოდა

შესაბრალისად

 

ფიზაღზრდის მასწავლებელს

მთელი სკოლის ბიჭბუჭობასთან ერთად

ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი ჩავარდნოდა გულში

ბეღურასავით მასწავლებელი

ფიზაღზრდის მასწავლებელს რომელიღაც ტროლეიბუსში

სკოლის სპორტდარბაზის გასაღები დაკარგვოდა.

ფიზაღზრდის მასწავლებელს ყველაზე მეტი დრო ეხარჯებოდა გზაზე

ფიზაღზრდის მასწავლებელი დილით ყველა მასწავლებელზე ადრე დგებოდა

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16