სინანული ან თუნდაც ტირილი ეს უკვე ლოცვაა

 

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

რადგან ის გულწრფელია

სამშობიარო სადაც გავჩნდი

ანუ ვიტირე სულ პირველად სულ თავიდან

მთელი გულით მთელი არსებით მთელი ფილტვებით

უკვე აღარ არის დაუნგრევიათ

მე ეს გუშინ ქალაქში ჩასულმა

ტაქსიდან ვნახე და მომიკვდა გული

 

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

რადგან ის გულწრფელია

როგორ დამბერებია მეზობლის ძაღლი

სცვივა ბეწვი და შარდის შეკავებამაც შეაწუხა ბოლო დროს

ის ყოველთვის წინასწარ გრძნობდა

ჩვენს უბანში ყველაზე გულწრფელი ბიჭის

სიკვდილის შემობიჯებას და აყმუვლდებოდა

ცისკენ აშვერილი წაწვეტებული დინგით

ახლა კი საკუთარის მოლოდინში სხვებისას ვერც კი გრძნობს

 

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

რადგან ის გულწრფელია

მეორე მეზობლის ცოლს წუხელ მანქანა დაუმტვრევია

ქმარმა ჯერ არაფერი იცის

მაგრამ თითქოს რაღაცას უგრძნობს გული

რაღაცნაირად გაიხედა გარაჟისკენ ამას წინათ

როცა აივანზე ეწეოდა

და ამ დროს მის ცოლს მოუკვდა გული

 

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

როგორ ჩამწარდა მეზობლის ქალს ახალაღებული მართვის მოწმობა

როგორ ჩამწარდა

 

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

რადგან არ ვიცი რატომ მაგრამ გულწრფელად

მსურს მოგიხადო ახლა ბოდიში

ყველა ორგულის ყველა მკვლელის ყველა ჩათლახის ნაცვლად

სხვა თუ არაფერი აქტივში მაინც ხომ ჩამეწერება

როგორც რომ იტყვის

წერა-კითხვის უცოდინარი ნაცნობი მელომბარდე

ვისაც ლამაზი ცოლი ყავს და ცოლის ახალგაზრდა საყვარელი

ამ უკანასკნელს კი ალბათ თავის დროზე

თავის ხნისა შეუყვარდება ვინმე

ისე შეუყვარდება რომ დაუჩოქებს

მუხლისთავებს დაუკოცნის და ეტყვის მიყვარხარ

 

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

რადგან ის გულწრფელია

ეს ჩემი ლექსი მიიღე ლოცვად

ვიცი რომ ძაღლები საკუთარ სიკვდილზე არ ყმუიან

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16