ჯიპი ისევ ჩამოივლის

ანუ სელფის გაგრძელება

 

მეზობლის სახლის წინ

შუადღის რეისის

სოფლის ავტობუსს ელოდნენ ბავშვები

ქალაქიდან დაბარებული გვირგვინი უნდა ჩამოეტანა

მერე იმ გვირგვინით ისინი წავიდოდნენ მეზობელ სოფელში

მასწავლებლის დაკრძალვაზე

მანამდე კი იღებდნენ სელფებს

ცისკენ მიმართული კამერებით

რომ არ გამოჩენილიყო უკანა პლანზე

ზარმაცი პატრონის ცუდად გამოზამთრებული ძროხა

ახალგაზრდა ცხენი რომელმაც არ იცოდა რომ ლამაზი იყო

ღორი რომელსაც ძალუძს შედარებით ადვილად გამოიზამთროს

რადგან შეუძლია გაჩიჩქნოს მიწა მიირთვას ფესვები

და ისიც კარგად იყენებს ამ ღვთის წყალობას

ბავშვები კი ისევ იღებდნენ სელფებს

იმ სელფების მიხედვით ალბათ ადვილად აღადგენდა

დაინტერესებული პირი ცაზე თეთრი ღრუბლების

ფორმაციას სივრცეში დროში

ბავშვები საფეისბუკოს ისევ იღებდნენ სელფებს

და სოცქსელიც ვერასოდეს იხილავდა

ძროხას ცხენს უდარდელად მოღრუტუნე ღორსაც ვერ ნახავდა

ასე გავიფიქრე მე ჩემს აივანზე მდგარმა

მეზობლის მიერ მორთმეულ

ახალმოყვანილ კიტრს გადასარევი სუნი ჰქონდა

გათლისთანავე რომ გადმოაფრქვია

თითქოს ბოთლიდან ჯინი ამოვარდაო

იმ მეზობელს სულში იარა ჰქონდა რადგან მის ქალიშვილს

მეორეჯერაც მოწყდა მუცელი არადა დედამისმა

ზამთარ-ზაფხულ ძროხის რძის სუნი რომ ასდიოდა

ცოტათი ბოსლისაც ანუ შარდის ნაკელის

იმდენი სანთელი დაანთო იმდენი ეხვეწა

ღმერთს ყველა ხატს რაც კი ქმარმა ქალაქიდან ჩამოუტანა

მისივე თხოვნით მაგრამ ამაოდ

და ამ დროს როგორც რაღაც კონცეფციამ

თუ კვანძის გახსნამ

ან სხვა რამ ოხრობამ კონცეპტუალურმა

ლამის სოფლის პატარა ავტობუსისხელა

კრიალა ჯიპმა ჩამოიარა ალაგ-ალაგ

კალიასავით მხიარულად მიხტოდა ხრეშის გზაზე

იქნებ ქალაქიდან მიყავდა ქალი გასაჟიმად სადმე უდაბურ ადგილს

იქნებ სულაც მეგობრის ცოლი სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ხომ

ქალაქში ვიღაც კაცს თავის ცოლთან შესწრებული მეგობარი მოეკლა

ცოლი კი გაქცეოდა რადგან ქმარი ვეება ტანის მეგობრის

სამზარეულოს პატარა დანით აჩეხვისას

დაღლილიყო და ვერ დეწეოდა თანამეცხედრეს

ან იქნებ გულის სიღრმეში მაინც შეეცოდა

იქნებ ღმერთმა შეაცოდა რადგან იმ წუთას იყო ქალის მხარეს

ან თვით იმ კაცის

რადგან არ სურდა ის გამხდარიყო ორმაგი მკვლელი

 

ჯიპის ჩავლა

ამაოების ცუდად დასწავლილ გაკვეთილს გავდა

უზენაესის შემოთავაზებულს

რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ

გადასარევი მომართვა კიტრის სუნი

როგორც ნაწილი თვისი

ვით საკუთარი შემადგენელი

სუნი იმ კიტრის ჩემთვის რომ გაახარა და გამოზარდა

ჩემი მეზობლის ხელით

ვისაც გულში ჰქონდა იარა

სულში ჰქონდა იარა

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16