ჩემი ცოლის ახალნაყიდ სრულიად ნორჩ ქოთნის მცენარეს

 

ფანჯრიდან გაჰყურებ წვიმას

და ვფიქრობ

იქნებ პირველად ხედავ ხეებს

ფანჯრიდან გაჰყურებ წვიმას

შენთვის ჯერ კიდევ უცხო მასპინძლებს გვისმენ

გვეცნობი

 

 

მე დავწერ თქვენზე

 

მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო

რომ მიწამ ამოგიჭამათ უკვე თვალები

წვიმაში დასველებულ თქვენს საფლავებზე დავწერ

მე დავწერ თქვენზე თქვენი კუბოს ფიცრებზე დავწერ

ისეთი გზნებით თითქოს სწორედ ზედ გამომყავდეს სიტყვები

წაბლის თუ უბრალო წიფელის ფიცრებზე

რომლებიც დალპნენ ან დალპებიან

მე დავწერ თქვენზე რადგან მენატრებით ჩემო კარგებო

ჩემო ძვირფასებო ჩემო მკვდრებო

მე დავწერ თქვენზე რადგან მახსოვხართ ისევ

მახსოვს თქვენი ხმა თქვენი თვალები და გამოხედვა

თქვენი სუნი და სურვილები

მე დავწერ თქვენზე რადგან მიყვარდით

ან კი უბრალოდ თვალში არ მომდიოდით

მე დავწერ თქვენზე რადგან მახსოვს

თქვენი ხელების სითბო ოფლიანი ხელისგულებიც

მე დავწერ თქვენზეც ვინც საუბრისას უნებურად

ნერწყვის შხეფებს ისროდით და მეც ოდესღაც დამისველეთ სახე

მე დავწერ თქვენზე ვინც მოკვდით ავადმყოფი გულით

მაგრამ მიწაში წაიღეთ ჯანმრთელი კბილები

ან კიდევ ღვიძლი ნაწლავები კუჭი მე დავწერ თქვენზე

მზეს რომ უჭუტავდით თვალებს

და მერე სამუდამოდ დაემალეთ

მე დავწერ თქვენზე კალმით გამოვიყვან თქვენს სახელებს

ლამაზად კოხტად რომ ფურცელზე გაკრულ ტექსტში

ჩანდეს მკაფიოდ რადგან სახელია ალბთ მთავარი

მე დავწერ თქვენზე თქვენს ჭორფლებზე

სიგარეტის დაჭერის მანერაზე

თქვენ თმაგაცვენილ თავებზე დავწერ

დავწერ იმაზე თუ როგორ სვამდით ჩაის

მე დავწერ თქვენზე ვინც ქმრებს უთმენდით

ვინც ისე მოკვდით ვერც კი გაიგეთ

რომ ცოლი რქებით გამკობდათ მე დავწერ თქვენზე

ვისაც შვილები ომში გაგექცათ და იქ მოკვდნენ

მე დავწერ თქვენზე ვინც არ იცოდით რა არის შიში

ვინც თვითმფრინავს ცაზე სევდიან მზერას გააყოლებდით

მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო ჩემო კარგებო

ლამაზად გამოვიყვან თქვენ სახელს

მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო როგორც მკვდრებზე

დავწერ როგორ აჭყლიტავდით სიგარეტის ნამწვს საფერფლეებში

მე დავწერ თქვენზე როგორც მკვდრებზე

მე დავწერ თქვენზე ჩემო მკვდრებო მაცივარ-სასახლეში

რომ იწექით მშვიდად ან კი უბრალოდ შიგნეულობა გამოგაცალეს

და ქლოროფორმი შეგიტუმბეს უსიცოცხლო სისხლძარღვებში

რათა დამარხვამდე თქვენი ცხედრის სუნით არ შეგეწუხებინათ

ცოცხლად დარჩენილები მე დავწერ თქვენზე სიყვარულით

გამოვიყვან ქაღალდზე თქვენს სახელს მე დავწერე თქვენზე

ჩემო მკვდრებო მე დავწერ თქვენზე

ვისაც შვილები ომში გაგექცათ და იქ მოკვდნენ

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16