ქაფი საპარსის გარეშე არაფერია

 

მესამედაც რომ არ დავიწყნოდა

ახალი საპარსის ყიდვა

პოეტმა ეს საქმე დილითვე მოითავა

სამსახურისკენ გზაში

როცა სიგარეტისთვის მარკეტში გაიარა

და ქაფიც ზედ მიაყოლა

მაგრამ საღამოს სამსახურში დარჩა ერთიც მეორეც

და მის წამოსაღებად ლამის შუა გზიდან მიბრუნდა

 

ლამის შუა გზიდან სამსახურში მიბრუნებულ პოეტს

დარაჯმა უთხრა რომ გული ასტკივდა

და სასწრაფოს უკვე გამოუძახა

 

თითქმის იმავ წამს ეზოში სასწრაფოს მანქანა

უხმაუროდ შემოსრიალდა

როგორც სიზმარში გემი

 

ექიმი მაღალი და მსუქანი ქალბატონი

სიგარეტისგან ჩახრინწული ხმით

და გამჭოლი მზერით

მასზე ერთი თავით დაბალ

ახალბედა ექთან გოგოზე

ღვიძლი შვილივით ზრუნავდა

და პოეტს მეტი რა უნდოდა

გული აუჩუყდა

 

იქვე მოაფიქრდა მომავალი პოემის სიუჟეტიც

ტანდაბალ ექიმ ქალზე და მასზე ერთი თავით მაღალ

ფერმკრთალ ირემივით დამფრთხალ ექთან გოგოზე

რატომღაც ჩათვალა რომ ასე ჯობდა

რომ უფრო მეტი პოეზია იქნებოდა იმაში

თუ კი ექიმი მასზე მაღალ ექთანზე იზრუნებდა

ანუ არ შეაწუხებდა შური სიმაღლის გამო

 

ექიმმა ქალმა სიგარეტისგან ჩახრინწული ხმით ბრძანა

რომ საშიში არაფერი იყო

რომ იცოცხლებდა დარაჯი იმაზე მეტ ხანს

ვიდრე თვითონ ეგონა

თითქოს ისიც იცოდა რამდენ ხანს აპირებდა პაციენტი

ამქვეყნად დარჩენას

 

წამლების ყუთი საქმიანად დაკეტა ექთანმა გოგომ

საკეტები გაატკაცუნა

საქმიანად გადმოხედა პოეტს წასვლის წინ

საქმიანად გაათამაშა უკანალი

მანქანისკენ მიმავალმა რადგან დარწმუნებული გახლდათ

რომ პოეტი უყურებდა

 

და წამოვიდა პოეტიც სამსახურიდან კიდევ უფრო დაღლილი

კიდევ უფრო ჩაფიქრებული

ავტობუსში კი ლამის გულზე შემოეყარა

რადგან აღმოაჩინა რომ ისევ დარჩენოდა საპარსიც ქაფიც

ქაფი საპარსის გარეშე არაფერია

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16