გაორება

 

არ ვარ ეგეთი

მეუბნება ჩემივე გმირი ჩემივე ლექსიდან

ასეთი ჯინსები არასოდეს მცმია

თუმცა გმადლობ

რომ თავსხმა წვიმაში მოყოლილ ბეღურებზე დამაფიქრე

ჩემი შესაძლებლობებით რომ გამაოცებინე ლოგინში ულამაზესი ქალი

იმასაც გეტყვი რომ გაუპარსავ ლოყაზე ჩემთვის მანამდე

არავის ეკოცნა მთელი გულით მთელი არსებით მთელი ტუჩებით

 

უნდა ჩავსხდეთ ალბათ მე და შენ

უნდა დავლიოთ

არ უნდა იფიქრო იმაზე რომ ჩემი შექმნით

შენ შეებრძოლე შენს მარტოობას

ჩემს მარტოობასაც

ანუ თითქოს თავს გაექეცი სულ რამდენიმე წუთით

მე კი უკვე ვიცი რომ შუა საუბრისას უცებ

არ უნდა გავაჩხაკუნო ასანთის კოლოფი

როგორც ამას ვაკეთებ შენ ლექსში

არადა ეგეთი რამე მართლა მჩვევია

და რომ უნდა დავივიწყო ყველა ჩემი ადრინდელი შური

წყენა ტკივლი და იმედგაცრუება

რომელიც შენ ჩემში გამოიცანი

ხოლო შენ უნდა მიხვდე

რომ არ არსებობს განსხვავებული ადამიანი

 

მეც შენი არ იყოს საკუთარ ღალატს არ ვარქმევ ღალატს

მეც შენი არ იყოს

სახლში მეტლახზე შიშველი ფეხებით დავტყაპუნებ ხოლმე ხანდახან

როგორც ნაწვიმარ გუბეებში ბავშვი

მეც შენი არ იყოს ასაკთან ერთად მაკლდება თვალში ჩინი

ამიტომაც საკუთარ მოგონებებში უფრო ხშირად ვიხედები ხოლმე

და იქ ისე დიდხანს ვრჩები რომ მავიწყდება რისთვის მოვედი

ან რისთვის არსებობენ თვალები სიბერეში

 

არა მართლა უნდა ჩავსხდეთ მე და შენ

უნდა დავლიოთ

უნდა დავთვრეთ

უნდა შევერწყათ ერთმანეთს

როგორც მიჭახუნებისას ორი მეფის

ყანწიდან ყანწში გადაღვრილი ღვინო

რომელთაგან ერთ-ერთი იქნებ მოწამლულიც კი იყოს

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16