ახლა უკვე აღარ ვნადირობ

 

ახლა უკვე აღარ ვნადირობ გულჩვილი გავხდი

მეზობლის ძაღლსაც სიმსივნე შეეყარა ორი

ძუძუ საზიზღრად ჩამოედღლიზა მიწაზე

დასთრევს და მის მიერ ალოკილ ხელებს

ასდის სიკვდილის სუნი სოფლის ავტობუსის

ვეტერან შოფერს კი ვიცი რომ დაესიზმრა

თავისი პირველი ცოლი რომელიც ახლა

ქალაქში პროკურორის გახლავთ თანამეცხედრე

ამ შემოდგომას შარშანდელზე მეტ არაყს ხდის ყველა

თანაც თითქმის ერთდროულად ანუ ჰაერი

დასპირტულია უკვე ვეღარავისგან ინათხოვრებ

ქვაბს და სხვა რამეს არყისსახდელი მოწყობილობიდან

გული ჩხვლეტით მაღვიძებს ღამით

და ხმამაღლა იწყებს ფეთქვას

თავისი ერთგულებით მობეზრებული ცოლივით

თითქოს ითხოვდეს რომ მოვუსმინო ბოლოს და ბოლოს

უჭირს ჩემი დაწყევლილი სისხლის ტუმბვა ჩემი

მევახშე წინაპრის ცოდვები რომ გაჯდომია ბოლომდე

და ხსნასაც ვეღარ ეღირსება ამიტომაც მეცოდებიან ჩემი

შვილები მაგრამ გვიანია გაჩნდნენ უკვე და სულ

უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ სარკესთან

მწერენ წერილებს ტელეფონზე და ზოგჯერ დამირეკავენ

ჰოდა მერე მეც დავწერ რამეს ისე ჩემთვის

თუნდაც სოფლის ავტობუსის ვეტერან მძღოლზე ნიკოტინისგან

ჩაყვითლებული თითებით ძალიან კეთილ კაცზე

ისევ მახსოვს ყველა მატარებელი რომლითაც მიმგზავრია მისი

ყველა ტამბური დიურალუმინის საფერფლეებით გამცილებლებიც

მახსოვს  და ჰო კიდევ ცოტათი დამაკლდა თვალში სინათლე

სიმსივნიანი ძაღლის პატრონის სათვალეს მოვირგებ

ხოლმე იმის დასადგენად შევეგუები თუ არა მის ტარებას

ამასწინათ ორი ცისარტყელა ვნახე შუადღემდე და  ნაშუადღევს

ხანმოკლე წვიმების შემდეგ თვალსა და ხელს შუა

შემომაბერდა ჩემი ნეთბუქი გასაწმენდია მისი ქულერი და ზოგჯერ

სიმსივნიანი ძაღლივით ამოიქოშინებს ხოლმე ღმერთო

აღარ გთხოვ უკვე რომ მიშველო მომცე ჩემი სახლი

და სადმე დამამკვიდრო რადგან

ვიცი რომ ვეღარ მიშველის

დაწყევლილი სისხლის ბრალია ალბათ თუმცა ზუსტად

ვერაფერს ვიტყვი  აღარ ასვენებდაო გამჩენი

იტყვიან ჩემზე როცა ბოლოს და ბოლოს

აღარ ვიქნები აღარ ვივლი დანჯღრეული სამარშუტო ტაქსებით

ქალაქიდან ქალაქში ვეღარ დავათვალიერებ უკანა ხედის სარკეში

მძღოლთა და წინა რიგში მოკალათებულთა სახეებს

ვეღარ დავიმახსოვრებ მათ უნებლიედ

რომ მერე უცაბედად მომაგონდეს როცა იწვიმებს

ვეღარ მომინდება ამ დროს წერა მათზე

რადგან მერქმევა მკვდარი

ყოველ წამს მახსოვხარ

როგორც დედის ძუძუს მკვდარი შვილის პირი მახსოვხარ

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16