ექიმი ქალი

 

ის იყო ექიმი მას ურეკავდნენ ავადმყოფები

ტრანსპორტში ქუჩაში სამზარეულოში ტელევიზორთან

შოუების ყურებისას

და არიგებდა უშურველად თითქოს დაზეპირებული

მაგრამ გულიდან წამოსული გააზრებული სიტყვებით

კონსულტაციებს რჩევებს გასამხნევებელ უცვეთ ფრაზებს

რადგან გახლდათ მეტისმეტად კეთილი ენერგიული

სანამ ზარზე უპასუხებდა თმების ყურიდან გადასაწევად

თავს გადააქნევდა ხოლმე ერთგვარი მანერით

ქმარი და ის ერთ დროს სკოლის ერთ მერხთან მსხდარან

და მომავალ თანამეცხედრეს

საკონტროლოებს აწერინებდა მზესუმზირითაც

აუვსებდა მუჭს

მერე ქმარი გალოთდა ცოლი არ უყვარდა და იმიტომო

ამტკიცებდნენ ქალები რაღაცნაირი შვებით ნიშნისმოგებით

მრუშთვალებიან თაყვანისმცემლებს

აბეზარი ბუზებივით იგერიებდა

გაწაფული მზერით გაწაფული ღიმილის ვნებიან ტუჩებზე გადაფენით

მე მას სუფრაზე შევხვდი პიანინოზე ჩამოდებული

იტენებოდა მისი მობილური პატრონივით დაუღალავი

და როცა თამადას

ჭიქაში ზეთისხილის მარცვალი ჩაუვარდა საცეკვაოდ გავიწვიე

სანამ გავხურდებოდით თვალის კიდეებზე მისი პირველი

გაუბედავი ნაოჭებიც ვათვალიერე ნაღველს რომ გადასცემდა

თვითონ თვალებს ცეკვის ბოლოს ერთმანეთს გავუღიმეთ

სულ რაღაც ერთ წამში დაიმშვიდა ჩემი ხელებით

იქნებ სულ სხვანაირად ნაგრძნობი საკუთარი ცხელი სხეული

ამით მორჩა მისი მრუშობაც და

ქმრის ღალატიც თითქმის მაშინვე დაეშურა სახლში წასვლას

გვიან მომაფიქრდა გასვლა აივანზე მაგრამ მაინც მოვასწარი მენახა

როგორ ლამაზად ჩაჯდა ტაქსიში ისე ლამაზად რომ კაცი ცხოვრებაში

მსგავს რამეს ორჯერ ან სამჯერ თუ ნახავს მხოლოდ

ეს იყო ლამის ოცი წლის წინათ

მახსოვს როგორ მომინდა მასთან ცხოვრება

დილდილაობით ყავის ერთად დალევა არც კი ვიცოდი მაშინ

რომ ზედიზედ ორჯერ მკვდარი შვილი ეშობა

სანამ მომავალ ქმარს ქალების გულთამპყრობელს

თავს შეაყვარებდა სკოლის მერეც

კარგა ხუთი წელი ეწვალა გათხოვების დღიდან

ზრუნავდა ავ და ხეიბარ მულზე

როგორც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16