ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს თავდაცვის ძალების მეთაური.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ყველა სამხედრო მოსამსახურე დასაქმებულია. ჯარში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი კი მხოლოდ ძალების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
გეგმის თანახმად, ძალები, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ თბილისშია კონცენტრირებული, სამომავლოდ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება.
როგორც ჩაჩიბაიამ განმარტა, ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე და თავდაცვის გეგმის მიხედვით, საჭიროა, ორად გადანაწილდეს ძალები, რათა საომარი მოქმედებების დროს, ავტონომიურობის რეჟიმში ოპერატიულად მოხდეს მოქმედება.
ჩაჩიბაიას თქმით, ყველა ჯარისკაცი ინფორმირებულია ცვლილებების შესახებ და მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც თემას მოყვა.