ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობაში

„ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მანდატების შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება გახდა. გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, გიორგი ხელაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. ირაკლი კოვზანაძემ საკანონმდებლო ორგანო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ვიცესპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტის წევრად რჩება.